პენტაგონში არასაჭირო ნაბიჯი უწოდეს პუტინის მიერ შეკავების ძალების მზადყოფნაში მოყვანას

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ეჭვი არ ეპარებათ ცნობებში, რომელთა თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანა ბირთვული შეკავების ძალები. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

პენტაგონის თანახმად, პუტინს მსგავსი ნაბიჯი არ სჭირდებოდა, რადგან ნატოს და უკრაინის მხრიდან რუსეთს საფრთხე არასდროს დამუქრებია. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში.

რუსეთი მეხუთე დღეა განაგრძობს საომარ მოქმედებებს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი). უკრაინის შეიარაღებული ძალების და მოხალისეების წინააღმდეგობის შედეგად რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ვერცერთ დიდ ქალაქზე კონტროლის დამყარებას.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 14 ბავშვის სიცოცხლე.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა მზადყოფნაში მოყვანის ბრძანებაც გასცა პუტინმა 

გამოცემა New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის გადაწყვეტილება თეთრ სახლში შეაფასეს მორიგ პროვოკაციად, თუმცა, შეგნებულად არ ჩათვალეს საჭიროდ საპასუხო ნაბიჯების გამოცხადება.