ღარიბაშვილმა ევროკომისართან განიხილა უკრაინაში „არსებული ვითარება"

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს, რომ ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა ევროკომისართან.

„განვიხილეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.