უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ორშაბათს გაიმართება, უკრაინის დროით დილის საათებში - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი იენინზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
შეთანხმება მხარეებს შორის მოლაპარაკების გამართვაზე 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შედგა. უკრაინა დათანხმდა შეხვედრას ბელარუსის ტერიტორიაზე, თუმცა არა ქალაქ გომელში, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვდა, არამედ საზღვართან, მდინარე პრიპიატის სიახლოვეს.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ერთმანეთს წინაპირობების გარეშე ხვდებიან და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის პრეზიდენტი იღებს. ლუკაშენკასა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი ამ შეხვედრის შესახებ 27 თებერვალს გაიმართა. როგორც მოგვიანებით ზელენსკიმ თქვა ვიდეომიმართვაში, მას ორი წელია არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ბელარუსის პრეზიდენტთან ამ დრომდე და არც შეხვედრისგან ელოდება დიდ შედეგს, თუმცა უარს არ იტყვის ამ შანსის გამოყენებაზე.
დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა ამ შეხვედრაზე არაფრის დათმობას არ აპირებს. ამ განცხადებით ის ერთგვარად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას "რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანის შესახებ", რაც აღიქმება, როგორც მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.
"მოლაპარაკებებში ცუდი არაფერია. მოხარული ვიქნებით, თუ ამ მოლაპარაკებების შედეგი იქნება მშვიდობა და ომის დასრულება, მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ დავნებდებით, კაპიტულაცია არ იქნება, არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრს. ეს არ არის ჩვენი ბრძოლის მიზანი", - თქვა დმიტრო კულებამ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
ასევე ნახეთ უკრაინის და რუსეთის დელეგაციები სამშვიდობო შეხვედრას ბელარუსის საზღვართან გამართავენ ასევე ნახეთ ზელენსკი ბელარუსში რუსეთთან მოსალაპარაკებლად არ ჩავა: ისეთ ქალაქში შევხვდეთ, საიდანაც არ გვესვრიანრუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. IV დღე - განახლებადი ინფორმაცია