უკრაინის და რუსეთის დელეგაციები სამშვიდობო შეხვედრას ბელარუსის საზღვართან გამართავენ

უკრაინამ დაადასტურა მზაობა, შეხვდეს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიალოგისთვის ბელარუსის საზღვართან, მდინარე პრიპიატის სიახლოვეს.

დღის პირველ ნახევარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა წასულიყო ბელარუსში, ქალაქ გომელში, სადაც რუსეთის დელეგაცია სთხოვდა სამშვიდობო შეხვედრას. მან ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მზად იყო სამშვიდობო შეხვედრაში მონაწილეობაზე, თუმცა უარს ამბობდა ჩასულიყო იმ ქალაქში, საიდანაც რუსული რაკეტებით უტევენ უკრაინას.

დღის მეორე ნახევარში რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეხვედრა მხარეებს შორის ბელორუსში გაიმართებოდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში არ ადასტურებდა. ბელარუსის საზღვარზე შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უსწრებდა პრეზიდენტ ზელენსკის ტვიტი იმის შესახებ, რომ ბელარუსის პრეზიდენტთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია.

შეხვედრა, რომელზეც შეთანხმება შედგა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიპლომატებს შორის გაიმართება და არა მაღალ პოზიციაზე მყოფ პოლიტიკოსებს შორის. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის პრეზიდენტი იღებს.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ადასტურებს თავად უკრაინის პრეზიდენტიც.

უკრაინის მხრიდან შეხვედრაზე თანხმობას წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანება, განსაკუთრებულ რეჟიმში მოეყვანა რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები. შემაკავებელ ძალებში, სხვათა შორის, შედის სტრატეგიული ბირთვული ძალები, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები.

ასევე ნახეთ ლუკაშენკა: დასავლეთის სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

ასევე ნახეთ უკრაინა რუსეთს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის