საქართველოში VTB ბანკის საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გაიყიდა

საქართველოში "VTB ბანკის" საცალო აქტივები გაიყიდა და ის "ბაზისბანკმა" იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ორივე ბანკში უკვე უდასტურებენ.

რუსულ "VTB ბანკს" უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციები დაუწესდა და დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები აეკრძალა.

"ვითიბი ბანკ-ჯორჯიას" ყველა ფიზიკური პირი, მეანაბრე და მსესხებელი გახდება "ბაზისბანკის" მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთვე "ვითიბი ბანკის" ფილიალებში", - უთხრეს "ვითიბი ბანკში" რადიო თავისუფლებას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "VTB ბანკი" ქართული ბაზრიდან ნაწილობრივ გავიდოდა, რადიო თავისუფლებისთვის გუშინ, 26 თებერვალს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც თანამშრომლებს შეხვდა ბანკის მენეჯმენტი და მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ გარიგებიდან "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" თავიდანვე გამოირიცხნენ, რადგან, ბაზარზე სიდიდით მესამე ბანკის ყიდვის შემთხვევაში, რომელიმე მათგანს დიდი უპირატესობა გაუჩნდებოდა.

რადიო თავისუფლების მიერ მასალის გამოქვეყნების შემდეგ ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც.

"მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად "ვითიბი ბანკ-ჯორჯიას" ფიზიკურ პირებს, მეანაბრეებსა და მსესხებლებს "ვითიბი ბანკის" ფილიალებში "ბაზისბანკი" მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები - სრულად დაკმაყოფილებული", - აცხადებენ ბანკში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, "VTB ბანკმა" ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი დამფუძნებლების მიმართ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ბანკიდან კლიენტებმა დეპოზიტების გატანა დაიწყეს.

"VTB ბანკი"-საქართველოს ინფორმაციით, მას აქვს 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი და საქართველოში ერთ-ერთი დიდი ბანკია. რამდენიმე დღის წინ, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ბანკმა განაცხადა, რომ მათ კლიენტებს პრობლემები არ შეექმნებოდათ.

"გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. ამგვარად, არ დაზარალდება არცერთი მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობს იგი", - აცხადებდნენ ბანკში 25 თებერვალს.

განახლება: მასალა განახლდა ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.