ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ დასავლეთი, რომელსაც სურს გაანადგუროს რუსეთი სანქციების გამოყენებით, ამ პოლიტიკით რუსეთის ფედერაციას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. ის აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთის სანქციებზე მნიშვნელოვანი იქნება.
“ამ სიტუაციაში ერთი რამ უნდა გესმოდეთ: არის ასეთი სანქციები. ახლა იქ [დასავლეთში] ბევრს ლაპარაკობენ საბანკო სექტორის წინააღმდეგ. გაზი, ნავთობი, SWIFT-ი. ეს ხომ ომზე უარესია. ეს უბიძგებს რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ. აქ უნდა იყვნენ თავშეკავებული, რომ არ შეცდნენ. იმიტომ რომ ბირთვული ომი - ეს დასასრულია”, - ლუკაშენკას სიტყვები მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
დღესვე რეფერენდუმზე მისულმა ბელარუსის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და თქვა, რომ, რაც იქ ხდება, არა ომი, არამედ კონფლიქტია, რომელიც ომში ორ დღეში გადაიზრდება, სამ დღეში კი "ხორცსაკეპ მანქანად" გადაიქცევა.
ასევე ნახეთ უკრაინა რუსეთს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივისლუკაშენკას განცხადებების პარალელურად ვრცელდება კადრები ბელარუსის დედაქალაქ მინსკიდან, სადაც მოქალაქეები ომის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. დემონსტრანტების ნაწილი უკრაინის დროშებით პოლიციამ დააკავა.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
ასევე ნახეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ ცოტა, 64 სამოქალაქო პირია მოკლული - გაერო