საქართველოში შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც რუსულ პროდუქტს ცნობს

ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ყველა პროდუქტს წარმომავლობის მიხედვით ცნობს. აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის სისტემისთვის ხელმისაწვდომია - Scan Products.

"დაასკანერე პროდუქტი და მიიღე ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყნის შესახებ", - წერია აპლიკაციის აღწერაში, რომელიც 2022 წლის 15 თებერვალს შეიქმნა.

მისი დაყენება რამდენიმე წამშია შესაძლებელი, გამოყენებისთვის კი მობილურის ინტერნეტთან წვდომა აუცილებელი არ არის. აპლიკაციის გამოყენება მარტივია - მისი გააქტიურების დროს ჩნდება ღილაკი "scan", მობილურის კამერის შტრიხკოდთან მიტანის შემდეგ კი ჩნდება მწარმოებელი ქვეყანა.

რადიო თავისუფლებამ ექსპერიმენტი რამდენიმე პროდუქტზე ჩაატარა. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანიის ყავაზე დაიწერა, რომ ის ნიდერლანდშია წარმოებული, თამბაქოზე - საქართველო, ხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოკოლადზე, რომელიც თითქმის ყველა სუპერმარკეტში იყიდება - რუსეთი.

აპლიკაციაში რუსეთის გამოჩენისთანავე ჩნდება ტანკიც.

ამ ამომცნობი აპლიკაციის შექმნა დროში ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებას და ომის დაწყებას.