უკრაინა რუსეთს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში [ICJ] უჩივის. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს გაავრცელა.

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართა გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის მცდელობის გამო. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი უკვე მომავალ კვირას დაიწყება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი შეფასებით, "რუსეთის კრიმინალური მოქმედებები უკრაინაში" გენოციდის ნიშნებს შეიცავს.

ის იხსენებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიცემულ და შემდეგ დარღვეულ პირობას, რომ საომარი მოქმედებების დროს სამიზნე იქნებოდა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა და არა ქალაქები და სამოქალაქო პირები.

"ისინი იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ სამიზნეში არ ჰყავთ ამოღებული სამოქალაქო პირები. სამხედრო ინტერვენციის პირველი საათებიდან, რუსეთი ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. თავიდანვე აირჩიეს ხალხზე თავდასხმის ტაქტიკა. ელექტროსადგურები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები - ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა. იმის გამო, რასაც ოკუპანტი აკეთებს ხარკოვში, კიევში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალს შეესაბამება. ", - თქვა 27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა.

ჰააგის ტრიბუნალი გენოციდსა და ომში ჩადენილ დანაშაულებზეა სპეციალიზებული.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ დღეებში მოკლულია 60-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საომარ მოქმედებებს კი, სულ ცოტა, 240 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის ჯარებმა სამ დღეში 4300-მდე ჯარისკაცი დაკარგეს

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. IV დღე - განახლებადი ინფორმაცია