“უარი ვთქვით, გვესწავლა საქართველოს გაკვეთილი” - ლინკევიჩუსი დასავლეთის შეცდომებსა და პუტინის მომავალზე

ლინას ლინკევიჩუსი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო და თავდაცვის მინისტრი

„დანაშაულის და ვალში ყოფნის გრძნობა მაქვს, ჩვენი, დასავლეთის ქმედებების გამო - რუსეთისთვის თავზე ხელის გადასმისთვის, არაფრისმომცემი დიალოგებისთვის, მაამებლობისთვის, სიბრმავისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტირანი და ყველაზე სახიფათო დიქტატორი გამოვზარდეთ”

ეუბნება ვაჟა თავბერიძეს ლინას ლინკევიჩუსი, ბალტიელი პოლიტიკოსი, რომელიც ლიეტუვის ნატოში გაწევრების დროს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო, ხოლო 2012-2020 წლებში - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. მასთან ინტერვიუ რუსული „დიპლომატიური” ლექსიკონის განმარტებით დაიწყო.

- რუსეთის ფედერალური საბჭოს პრესსპიკერმა საინტერესო ტერმინი იხმარა უკრაინაში გაჩაღებული ომის ასაღწერად - „მშვიდობისკენ იძულება“. ქართველ ხალხს ეს ტერმინი პირველად არ ესმის, კარგად გვახსოვს. დღეს იგივე ხდება, რაც საქართველოში, უბრალოდ ბევრად დიდი მასშტაბებით?

- ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - რუსებს თავიანთი ლექსიკონი აქვთ, სადაც სიტყვებს სხვა მნიშვნელობა აქვთ. ასე მაგალითად, ანექსიის დროს ისინი ამბობენ, რომ გაათავისუფლეს.

„სანამ ჩვენ სანქციებზე გამოთვლებს ვაწარმოებთ, ამ დროს ხალხი იხოცება და რუსებს კიევზე იერიში მიაქვთ.“

მათ 2008 წელს საქართველო „გაათავისუფლეს“ და დარწმუნებული ვარ, დღემდე გახსოვთ და გრძნობთ ამ „თავისუფლებას“. როდესაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ - გულისხმობენ შანტაჟს. დიდებული სამშვიდობოები (Peacekeepers) არიან, რადგან ვერავინ შეედრებათ სხვისი მიწის ნაჭრების (piece) მიტაცებასა და შენახვაში (keep). ასე რომ, როდესაც პუტინმა ამ კატასტროფის წინ განაცხადა, რომ დიპლომატიურ გამოსავალს ეძებდა - წესით, კი უნდა მივმხვდარიყავით, რომ აბსოლუტურად საპირისპირო რამის ჩადენას აპირებდა...

არასდროს უნდა დაგვეშვა, რომ პუტინი და რუსეთი გამხდარიყვნენ, რაც დღეს არიან. მე ვერ დავიბრალებ, რომ ეს ჩემი ქვეყნის ან ჩემი პოზიცია იყო - მაგრამ მათ, ვინც დღემდე გაოცებით კითხულობს, ეს ყველაფერი რატომ ხდებაო, ვურჩევდი, მოძებნონ პუტინის სიტყვა ბუქარესტის სამიტზე და გულდასმით წაიკითხონ. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მიახალა ნატოს ლიდერებს - ვის ელაპარაკებით? უკრაინა ქვეყანა არ არის, ხელოვნური წარმონაქმნიაო. მაშინ დიდად არავინ დაუგდო ყური. რამდენიმე ჩვენგანმა ვთქვით - ეს კაცი ამას იმიტომ ამბობს, რომ ასე სჯერა, ასე სწამს. ამის შემდეგ დადგა საქართველოს ჯერი - კიდევ უარი ვთქვით, გვესწავლა გაკვეთილი, რომელიც საქართველოს საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციად დაუჯდა. არაფერი ვიღონეთ, რაც ნიშნავს, რომ ფასი ჩვენთვის მისაღები იყო. მერე იყო ყირიმი. ახლა, ახალ ნაბიჯს დგამს და მანამდე არ გაჩერდება, სანამ ხედავს, რომ იმარჯვებს.

- რამდენად კმაყოფილი ხართ დასავლეთის სანქციების ზომით და სიმკაცრით?

- სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. უფრო მძიმეც უნდა იყოს. მაგრამ სანამ ჩვენ სანქციებზე გამოთვლებს ვაწარმოებთ, ამ დროს

„2008 წელს რუსებმა საქართველო „გაათავისუფლეს“ და დარწმუნებული ვარ, დღემდე გახსოვთ და გრძნობთ ამ „თავისუფლებას“

ხალხი იხოცება და რუსებს კიევზე იერიში მიაქვთ. სანქციები უკრაინისთვის დაგვიანებულიც რომ იყოს, მაინც უნდა დაწესდეს. დაუყოვნებლივი, უმძიმესი სანქციები. რუსეთი უნდა გაირიყოს ცივილიზაციიდან - თანაც, ეს ხომ თავად დამართეს საკუთარ თავს.

- რატომ ახლა და არა მანამდე, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვდა?

- იმიტომ, რომ ევროპელები ვართ და კონსენსუსი გვჭირდება. სულ იყო სკეპტიკური ხმები, ღია ოპოზიციაც. ენერგოსექტორზე იყო სკეფსისი, მაგალითად. მაგრამ რაც გუშინ გავაკეთეთ, უკვე სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. და მეტის მოლოდინი მაქვს. უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ეკონომიკურად, ფინანსურად, უნდა შევაიარაღოთ - ადრე უნდა მიგვეცა მათთვის იარაღი, მაგრამ ზოგი ფიქრობდა, რომ ეს ზედმეტად პროვოკაციული იქნებოდა. მაგრამ ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც უფლება და ვალდებულება აქვს, თავი დაიცვას. და თუ უკრაინა საკმარის ზიანს მიაყენებს ოკუპანტებს, ეს უკვე სერიოზული არგუმენტია პუტინისთვის. თუ მისი დაგეგმილი ბლიცკრიგი ჩავარდება, ესეც კარგი არგუმენტია ომის შესაჩერებლად.

- ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიო ამ ყველაფერს „შორიდან უყურებს“ და უკრაინა „მარტო დატოვეს“ - როგორ ფიქრობთ, სამართლიანია მისი კრიტიკა?

- აბსოლუტურად. ჩვენ თავს ვიტყუებდით, რომ რუსეთი არ შეიჭრებოდა, რომ მათ მინსკის შეთანხმება აინტერესებთ და რომ მოსკოვს ამაზე უნდა ველაპარაკოთ. მთელი ეს ე.წ. დიალოგი, თავად სიტყვაც კი

„დიალოგი - თავად სიტყვაც კი ტოქსიკური გახდა. დიპლომატია საერთოდ არაფრისმომცემია კრემლის დღევანდელ მმართველებთან, რადგან ისინი მხოლოდ ბანდის წესებს ცნობენ.“

ტოქსიკური გახდა. დიპლომატია საერთოდ არაფრისმომცემია კრემლის დღევანდელ მმართველებთან, რადგან ისინი მხოლოდ ბანდის წესებს ცნობენ. როცა ზოგიერთი პრეზიდენტი ისევ ურეკავს პუტინს და ცდილობენ ელაპარაკონ, არ ვიცი, რა მიზეზებით ხელმძღვანელობენ, მათი მოტივები უცნაურად მეჩვენება.

- 2015 წელს თქვით: „რუსეთის ხელისუფლების ერთ სიტყვასაც არ უნდა დავუჯეროთ, რუსეთის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვთ“. რატომ დასჭირდა დასავლეთს 6 წელი თქვენი ნათქვამის გასააზრებლად?

- ადამიანები ვართ. სხვების მიმართ თანაგრძნობას კი ვიჩენთ, თუ რამე უბედურება დაემართებათ, მაგრამ თავს ვიტყუებთ, რომ იგივე ჩვენ თვითონ არ დაგვემართება და ასე ვრჩებით ჩვენს კომფორტის ზონაში. ასეთი მიდგომა დიდი ხნის განმავლობაში მთავარი მიდგომა იყო [ევროპაში]. მერე რუსებმა ბოინგი ჩამოაგდეს და ნიდერლანდში დრამატულად შეიცვალა განწყობა. ლიტვინენკოს მოწამვლა დიდი ამბავი იყო, სკრიპალი უზარმაზარი, და ნავალნის შემდეგ, უკვე ყველამ გამოახილა თვალები. ეს ილუზიები თანდათან ქრება, და ის ლიდერებიც კი, რომლებიც მანამდე სკეპტიკოსები იყვნენ, ზოგი კი სიმპათიებსაც არ მალავდა პუტინისა და რუსეთის მიმართ, ახლა ამბობენ, რომ მოტყუვდნენ. მაგრამ ესეც დავაგვიანეთ.

- როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევათ პუტინსა და მის გუნდს საბოლოოდ?

- ერთ რაღაცას ვერ ვივიწყებ: უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინის დადების ცერემონიას 23 თებერვალს. პუტინმა დადო ეს გვირგვინი და იმ მომენტში იცოდა, რომ მეორე დღეს საკუთარ ჯარისკაცებს გააგზავნიდა დასახოცად - და რისთვის? არაფრისთვის, საკუთარი ამბიციებისთვის. რა არის ეს, თუ არა მიფურთხება ამ ადამიანებზე? ზოგადად ადამიანის სიცოცხლეზე? თუ ამ კაცმა

„რატომ უნდა მივარდეს ნატოს, როცა იმდენი მიწა რჩება გვერდითვე „აუთვისებელი“? მოლდოვა თავისი დნესტრისპირეთით, საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი“

გადაწყვიტა, თავი მოიკლას და საკუთარი ქვეყანაც თან გაიყოლოს, სხვები რას უყურებენ? ის უცნაური შეხვედრა უსაფრთხოების საბჭოში, როცა ერთიმეორის მიყოლებით დგებოდნენ და პასუხობდნენ პუტინის დასმულ კითხვებს - როცა იქნება, ზუსტად იმავე კითხვებს დაუსვამენ მათ თავიანთ, ახალ ნიურნბერგის პროცესზე. პუტინი ალბათ არ იქნება იქ, როგორც თავის დროზე ჰიტლერი, მაგრამ ეს ხალხი იქნება, მათ დაუსვამენ ამ შეკითხვებს და პასუხის გაცემას აიძულებენ.

- როგორ ფიქრობთ, ვინ მოაწყობს მსგავს პროცესს?

- შემიძლია გითხრათ, ვინ არა. ეს ნამდვილად არ იქნება გაერო. თუ რეორგანიზება არ მოხდა, ისინი არაფრისმაქნისები არიან. ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ გაეროს იმედი არ უნდა გვქონდეს, როდესაც მნიშვნელოვანი კრიზისი ხდება და ამ კრიზისის შემოქმედი თავად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია ვეტოს უფლებებით.

- დღეს უკრაინა იბრძვის, ვინ იქნება შემდეგი? ბალტიის ქვეყნების ბედი გაფიქრებთ?

- ჩვენ ნატოს წევრები ვართ - თუ პუტინი გადაწყვეტს, ნატო გამოიწვიოს ბალტიის ქვეყნებში, ეს სრული სიგიჟე იქნება, რადგან ეს ორმხრივ განადგურებას ნიშნავს. შეიძლება იმდენად შეშლილია, რომ სცადოს კიდეც ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟეს, როგორც წესი, საზღვრები არ აქვს, ეს მისთვისაც კი ზედმეტად არარაციონალური იქნება. რატომ უნდა მივარდეს ნატოს, როცა იმდენი მიწა რჩება გვერდითვე „აუთვისებელი“? მოლდოვა თავისი დნესტრისპირეთით, საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი - რომლის ნაწილიც ისე აწაპნა, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარით, განხილვას ვინ ჩივის. ასე რომ, ირგვლივ ჯერ საკმარისი ნამცხვრის ნაჭრები დარჩა მისთვის, თანაც ისე, რომ გლობალური კონფრონტაცია არ გამოიწვიოს. და ის ამ ყველაფერზე წავა, თუ არ შევაჩერებთ.

ინტერვიუ მომზადებულია ერთობლივად - ჟურნალ New Eastern Europe-ისა და რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მიერ. წაიკითხეთ ინგლისურენოვანი ვერსია აქ