უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის ჯარებმა სამ დღეში 4300-მდე ჯარისკაცი დაკარგეს

რუსეთის ჯარებმა უკრაინაში შეჭრიდან სამ დღეში 4300-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, განაცხადა 27 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა.

„უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის განვლილი სამი დღის განმავლობაში მტრის საერთო სავარაუდო დანაკარგია: 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშანტრანსპორტიორი, 49 ქვემეხი, ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, ოთხი რაკეტა „გრადი“, 30 ერთეული ავტოტექნიკა, 60 ტანკი, ორი დრონი, ორი კატარღა და გემი, 4300 სამხედრო მოსამსახურე“, - დაწერა მალიარმა ფეისბუკში.

მან აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სავარაუდოა და დასაზუსტებელია. მალიარის თქმით, ერთობ რთულია ბრძოლის შემდეგ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან მეთაურები ძირითადად საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე არიან კონცენტრირებული.

რუსეთის მხარე არ აქვეყნებს საკუთარ ჯარებში მოკლულთა და დაჭრილთა შესახებ მონაცემებს.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა მას „იძულებითი ზომა“ უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებებზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. პუტინის თქმით, ეს რუსეთს დიდ საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის უკრაინის მხრიდან.