უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ სამ დღეში დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაერო. ორგანიზაციის მონაცემებით, 24-26 თებერვალს ბრძოლებისას მოკლულია, სულ ცოტა, 64 ადამიანი, საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა მინიმუმ 240 ადამიანი. მონაცემები ასახავს 26 თებერვლის საღამოს 5 საათის მდგომარეობას.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რამაც მოსახლეობის ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. დაზიანდა ან განადგურდა ასობით სახლი, დაბომბვის შედეგად დაზიანებულმა გზებმა და ხიდებმა კი ზოგიერთი დასახლების იზოლირება გამოიწვია.
გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 160 000 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი, 116 000-მა კი თავშესაფრის სათხოვნელად მეზობელ ევროპულ ქვეყნებს მიმართა. არსებობს მოლოდინი, რომ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, უკრაინიდან დევნილთა რიცხვი 5 მილიონს მიაღწევს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობებით, 4 300-მდე გაიზარდა ომში მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვი. განადგურებულია რუსეთის 146 ტანკი, 27 თვითმფრინავი და 26 ვერტმფრენი.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
ასევე ნახეთ ზელენსკი ბელარუსში რუსეთთან მოსალაპარაკებლად არ ჩავა: ისეთ ქალაქში შევხვდეთ, საიდანაც არ გვესვრიან