"გირჩი" ხელისუფლებისგან ითხოვს, საქართველომ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს

​საპარლამენტო ოპოზიციური პარტია "გირჩი" საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, ქვეყანამ საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს რუსეთს. მოთხოვნას პარტია "ფეისბუკზე" აქვეყნებს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს ნიშნავს.

"საქართველოს მთავრობა, სასწრაფოდ ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთთან!" - წერია მიმართვაში.

რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს: დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თავად უკრაინამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მეორე დღეს, თქვა, რომ არ აპირებს რუსეთს სანქციები დაუწესოს. საქართველო არ უერთდება ქვეყნის პარტნიორების მიერ დაწესებულ შეზღუდვებსაც.