თურქეთს ჯერ არ გადაუწყვეტია რუსეთის გემებისთვის დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების ჩაკეტვა

რუსეთის სამხედრო ხომალდი ბოსფორის სრუტეში. 2021 წლის ფოტო.

თურქეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რუსეთის გემებისთვის დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების ჩაკეტვის შესახებ, განუცხადა Reuters-ს ვითარებაში გარკვეულმა წყარომ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოანს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის და თქვა, რომ „შავ ზღვაში (რუსეთის) სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა“ ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.

ზელენსკისა და ეროდოანს შორის სატელეფონო საუბარი 26 თებერვალს გაიმართა. ერდოანმა ზელესკის უთხრა, რომ ანკარა ცდილობს, მიაღწიოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

„ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთს თურქეთისგან არავითარი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია რუსეთის გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვის თაობაზე.

სრუტეების ჩაკეტვის შემთხვევაში რუსეთის სამხედრო გემები, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან განლაგებული, ვეღარ შეძლებენ შავ ზღვაში შესვლას და საკუთარი ჯარების დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ იერიშში.

თუმცა თურქეთს არ შეუძლია არ გაატაროს ის გემები, რომელთა მუდმივი სამყოფელი შავი ზღვის სამხედრო ბაზებია.

სპეციალისტების თქმით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა ბოსფორის სრუტეში კომერციული საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია „მიუღებელია“, მაგრამ მან ამას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და არა ომი. ეს მნიშვნელოვანია „მონტრეს კონვენციისთვის“, რომელიც თურქეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლს ანიჭებს.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა 25 თებერვალს, ამჟამად მსჯელობენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ამ კონფლიქტის მიჩნევა ომად „მონტრეს კონვენციის“ მიხედვით.

თუკი კონფლიქტი ომად ჩაითვლება, ანკარას შესაძლებლობა ექნება, კონფლიქტის ორივე მხარეს, რუსეთსაც და უკრაინასაც, აუკრძალოს სრუტეებით საგრებლობა. თუმცა, ექსპერტების თანახმად, ეს გადაწყვეტილება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა რუსეთისთვის.

თურქეთი უკრაინის მოკავშირეცაა და რუსეთისაც და ჯერჯერობით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უჭირავს. თუმცა მან უკრაინას გადასცა თავისი Bayraktar TB2 დრონები და დაგმო რუსეთის მოქმედებები.

სრუტეების ჩაკეტვა გავლენას იქონიებს თურქეთის ეკონომიკაზე, რომელიც ამჟამად მძიმე ვითარებაშია. თურქეთი გაზის იმპორტის ერთ მესამედს რუსეთიდან აწარმოებს.