კახელები უკრაინაში გასაგზავნად ჩურჩხელებს აგროვებენ 

„შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისათვის!“ - კახეთში, სამოქალაქო ორგანიზაციებმა სოციალური აქცია დაიწყეს.

აქციის ინიციატორი, მაია მამულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შეგროვებული ჩურჩხელები უკრაინაში გაიგზავნება და გადაეცემათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

„თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა დღეს განსაცდელშია. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ათასობით ადამიანი, ქალები და ბავშვები თავს აფარებენ რუსეთის აგრესიას! იბომბება სახლები და სამოქალაქო ობიექტები! დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ისტორიისა და მემკვიდრეობის გაზიარება ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ხალხისათვის! შევაგროვოთ და გავუგზავნოთ თითო ჩურჩხელა უკრაინულ ოჯახებს, რათა მიიღონ კახური მიწის მადლით შექმნილი ღვთაებრივი, კალორიული და სასარგებლო ჩურჩხელა”, - ამბობს მამულაშვილი.

ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. III დღე - განახლებადი ინფორმაცია

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.