ნულანდი: "ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, მაგრამ პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს სისხლიანი ომი"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ "დოჟდს" და განაცხადა, რომ აშშ მზად არის დიპლომატიისთვის, მაგრამ ჯერ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი სისხლიანი კამპანია უკრაინაში.

ჟურნალისტის კითხვას, შეცვლის თუ არა რამეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაში 25 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის, ნულანდმა უპასუხა:

"უკრაინაში ვითარების შეცვლა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია. სწორედ მან წამოიწყო ეს სასტიკი, არაფრით პროვოცირებული შეჭრა უკრაინაში. პრეზიდენტი ბაიდენი დღეს მართლაც ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გაეგო, როგორია ვითარება და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა გამოეხატა უკრაინელი ხალხისთვის, ამ საშინელ სიტუაციაში".

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა დარჩენილი სივრცე დიპლომატიისთვის და რამდენად შესძლებელია ამ ვითარებაში კონტაქტი აშშ-სა და რუსეთს შორის, ნულანდმა შემდეგი პასუხი გასცა:

"მოცემულ მომენტში, როგორც იცით, რუსეთთან ყველა დაგეგმილი კონტაქტი გავაუქმეთ. იცით, რომ სახელმწიფო მდივანი, [ენტონი] ბლინკენი მზად იყო [ჟენევაში] შეხვედროდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, [სერგეი] ლავროვს. ... მაგრამ ამის ნაცვლად რუსეთმა დაიწყო შეჭრა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, კიევსაც კი რაკეტები დაუშინა. რაზე შეიძლება ლაპარაკი ასეთ სიტუაციაში? პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინის მიზნების შესახებ კვირების განმავლობაში ტყუის რუსეთი, ტყუის კრემლი. თუ რუსეთი მზად არის გაჩერდეს და მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს, აშშ, ბუნებრივია, ასევე მზად იქნება შეხვდეს რუსეთის წარმომადგენლებს და შეეცადოს ვითარების დეესკალაციას. მაგრამ ამ მომენტში, როცა ეს ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს, რაზე შეიძლება ლაპარაკი?" - ამბობს ნულანდი.

პარალელურად, გამოცემა Washington Post-ი იუწყება, რომ აშშ მზადაა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის - რუსეთის "ნომერ პირველი სამიზნის" - ევაკუაციისთვის, მაგრამ ის უარს აცხადებს კიევის დატოვებაზე.

უკრაინის დედაქალაქში და მის გარშემო შეტაკებები გრძელდება. რუსეთის ჯარმა იერიში მიიტანა კიევის ცენტრში, გამარჯვების პროსპექტზე განთავსებულ სამხედრო დანაყოფზე, და თავდასხმა მოგერიებულ იქნა - წერენ საერთაშორისო სააგენტოები უკრაინის არმიაზე დაყრდნობით.