აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ

დიდი ბრიტანეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მალე დააწესებს. "მსოფლიო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი პუტინი აგრესიის ამ აქტში წარუმატებელი აღმოჩნდება", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ შეიძლება.

შეერთებული შტატები ასევე აწესებს პერსონალურ სანქციებს პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ. ინფორმაცია პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ აშშ-ის პერსონალური სანქციების შემოღების თაობაზე თეთრმა სახლმა დაადასტურა.

პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ ევროკავშირის მოსალოდნელი სანქციების შემოღების შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმაც გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ პუტინი გახდება მესამე მსოფლიო ლიდერი ბაშარ ალ-ასადისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას შემდეგ, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში იქნებიან.

პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას შესაბამის ქვეყნებში (კრემლი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდნენ, რომ ასეთი აქტივები არ არსებობს), მაგრამ არ შეიცავს შესვლის აკრძალვას, რათა, სავარაუდოდ, დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლებლობა დარჩეს.

მანამდე ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა უკრაინაზე თავდასხმის გამო. სანქციები მიმართულია რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და სხვა სფეროების წინააღმდეგ. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება 24 თებერვალს, გვიან ღამით მიიღეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს უკვე მოჰყვა ეფექტი.
"უკვე ვიხილეთ ჩვენი ნაბიჯების გავლენა რუსეთის ფულის ერთეულზე, რუბლზე, რომელიც დღეს, ადრე დილით, ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა. დღეს სწრაფად დაიწია რუსეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარმაც და რუსეთის მთავრობის სესხის განაკვეთი 15 პროცენტზე ზემოთ გაიზარდა", - წერს ჯო ბაიდენი სოციალური მედიით.
ამ სიტყვების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბაიდენმა 24 თებერვალს მკაცრი სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მას მერე, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. სანქციები რუსეთს უზღუდავს ბიზნესის წარმოებას მსოფლიოს წამყვან ფულის ერთეულებში და ბანკებს და სახელმწიფო კომპანიებს შეზღუდვებს უწესებს.

ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. II - III დღე - განახლებადი ინფორმაცია