„არა“ - უნდა თქვას რუსმა ხალხმა“ - ინტერვიუ ნობელის პრემიის ლაურეატთან, დმიტრი მურატოვთან

დმიტრი მურატოვი

რამ უნდა გააჩეროს ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო? რამდენად მასშტაბური შეიძლება იყოს ანტისაომარი მოძრაობა რუსეთის ფედერაციაში? რა პარალელები არსებობს ამ ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის? რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს უპასუხა დმიტრი მურატოვმა - ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში და „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა.

რადიო თავისუფლება: თქვენი გუშინდელი მიმართვა ასე დაამთავრეთ: „მხოლოდ რუსების ანტისაომარ მოძრაობას“, თქვენ ხაზგასმით თქვით ეს სიტყვა „რუსების“, „შეუძლია, ჩემი აზრით, გადაარჩინოს სიცოცხლე ამ პლანეტაზე“. თქვენ იმედი გაქვთ, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ? და რამდენად რეალურია ეს?

გმადლობთ, ეს ზუსტი შეკითხვაა. ნახეთ, პუტინი, რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტი, ძაღლად არ აგდებს ევროპელ პოლიტიკოსებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი სულ იცვლებიან, თავად კი - არასდროს. მეორე იმიტომ, რომ როდესაც ისინი ღირებულებებზე ელაპარაკებიან, ესმით, რომ მათ თავისი ფასი აქვს. იქ, ჩვენ მგონი, ბითუმად ნაყიდი ერთ დუჟინზე მეტი - 16, ყოფილი კანცლერი, მინისტრი, პრემიერი გყავს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი კომპანიების დირექტორთა საბჭოებში არიან. ამიტომ ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპის ელიტის ყველა საუბარი ფასეულობებსა და დემოკრატიაზე, პუტინისთვის დიდი ხნის წინ არის დასრულებული. უყურებს მათ იარლიყებს და ქირქილებს. თანაც ამ იარლიყებს თვითონ ჰკიდებს, ისინი კი ყაბულდებიან. კიდევ შეიძლება კანფეტიც გადაუგდოს მათ, ისინი კი დასაჭერად შეხტებიან. ამიტომ, ევროპული მმართველი ელიტის იმედად ყოფნა, სიმართლე რომ ვთქვა, უბრალოდ ძალიან უცნაურია.

დმიტრი მურატოვი

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გაჩაღებული ომი, რუსეთის ოკუპაციური ომი უკრაინის წინააღმდეგ - ეს არის რუსების საქმე. რუსებმა უნდა თქვან „არა“. იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთ ომს იწყებენ, უნდა გადადგნენ - მაგალითად, პუტინი, რადგან ახლა მხოლოდ მას შეუძლია გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სანქციებთან, ეკონომიკის მკვლელობასთან და, რაც მთავარია, იმასთან, რომ მომავალი დაუნგრია რუსეთის ახალ თაობას.

დმიტრი ანდრეევიჩ, ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მთელი რიგი გამონათქვამები: ლია ახეჯაკოვასი, ანტონ დოლინის, იური დუდის, ოქსიმირონის... მათ ხისტად დაგმეს რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყება. რამდენად შეუძლია ასეთ ცალკეულ გამონათქვამებს, ააგოროს საპროტესტო ტალღა მასებში? გასაგებია, რომ ცალკეული ადამიანების პოზიცია - ერთია და საზოგადოების საერთო განწყობა - შესაძლოა, სულ სხვა... ზოგადად, რაზე საუბრობენ ადამიანები „სამზარეულოებში“? იყო ჩეჩნეთი, იყო საქართველო, მაგრამ უკრაინის მიმართ, რუსებს, გასაგები მიზეზების გამო, ცოტათი განსხვავებული დამოკიდებულება, სხვანაირი კავშირი აქვთ...

პირველ რიგში, როცა საქართველოს ამბები იყო, სკოლებში არკვევდნენ, ხომ არ იყო მოსწავლეებს შორის ვინმე საქართველოდან ან ქართული გვარით, ნახევარ მოსკოვს კი მაისურებზე ეწერა „მე ქართველი ვარ“. უბრალოდ მინდა ეს შეგახსენოთ. ასე რომ, ნორმალური, ადამიანური და აბსოლუტურად ემპათიური კავშირი გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან.

ახლა რაც შეეხება ცალკეულ ადამიანებსა და საზოგადოებას მთლიანად - მესმის თქვენი კითხვის არსი, რომ არის ოქსიმირონი, გრებენშჩიკოვი, მე და „ნოვაია გაზეტა“ და, რომ არის ჩემი მეგობარი იური იულიანის ძე შევჩუკი, რომელმაც დაწერა: „ДДТ და შევჩუკი - ომის წინააღმდეგ“, არიან ივან ურგანტი და მელაძე, არის აბსოლუტურად შესანიშნავი, უკვე მწერლად ქცეული ზიგარი; არიან დიმა ბიკოვი და აკუნინი, რომელიც თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს, ნამდვილი გვარით ჩხარტიშვილი... მაგრამ საქმე ეს როდია. მშვიდობის მომხრეთა პეტიციამ, რომელიც ინტელიგენციის კონგრესმა შეადგინა, ამ მომენტისათვის 470 ათასი ხელმოწერა შეაგროვა, რეალური ხელმოწერა. ალბათ ერთ-ორ საათში ნახევარ მილიონსაც მიაღწევს. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არსებობს ციფრული ფიშინგი, სადაც შესაძლებელია ყველას სათითაოდ მოძებნა და მათთვის უსიამოვნებების შექმნა. ასე რომ, ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელმაც ღიად მოაწერა ხელი ანტისაომარ პეტიციას, ეს ხალხის მაღალი ხარისხია.

გკითხავთ უსიამოვნებებზე, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ. დღეს უსაფრთხო ინტერნეტის ლიგამ მოითხოვა, იური დუდი „უცხოეთის აგენტად“ ცნონ. ელოდებით ზეწოლას დამოუკიდებელ მედიაზე?

ჩვენთან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ძალიან უინტერესო კითხვაა. ძალიან კარგად გვესმის, რას და როგორ ვაკეთებთ, ვინ გვიდგას წინ, ყველა დანარჩენი, ეს რაღაც უსაფრთხო ინტერნეტის ლიგები - თვითმარქვიები და მოსამსახურეები არიან და მათზე ლაპარაკიც კი არ მინდა.

ამ დღეებში საქართველოში ბევრმა გაავლო პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომსა და უკრაინაში დაწყებულ ომს შორის. 2008 წლამდე იყო აფხაზეთიც, მაგრამ, როგორც იტყვიან, „უკან დაბრუნების წერტილი“ 2008 წლის აგვისტოში გავიარეთ. შესაძლებელია, რომ 2022 წლის 24 თებერვალი იქცეს იმ წერტილად, საიდანაც უკან გადახვევა შეუძლებელი იქნება, როგორადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები? სამყარო, თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო?

მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად. პირველ რიგში, მძულს ისტორიული პარალელები, რადგანაც ყოველთვის ყველაფერი განსხვავდება დეტალებსა და მოქმედ პირთა მოტივებში. თქვენ მშვენივრად იცით მაშინდელი მოვლენების მოტივირებულობის შესახებ, რომ მხარეებს - ერთსაც და მეორესაც - ღალატობდათ ნერვები და დღემდე არკვევენ მოხსენებებში, ვინ გაისროლა პირველმა, უკრაინასთან მიმართებით კი აბსოლუტურად არამოტივირებული აგრესიაა. ძალიან უცნაურია ნაციზმში იმ ქვეყნის დადანაშაულება, სადაც მოქალაქეებმა ებრაელი აირჩიეს პრეზიდენტად.

ახლა უკან დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ. ასევე არ მესმის, რა არის ეს. არავინ იცის, შესაძლებელია თუ არა ამის გაჩერება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოვლენამ გაანადგურა მომავალი. გაანადგურა საბანკო სისტემა, თაობის რწმენა იმაში, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოპულარული, ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობების, სწავლისთვის ვარგისი ადგილი - აი, ეს არის მთავარი. ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება გამოძღა საკუთარი პროპაგანდით და ახლა მთელ სამყაროს არწყევს მას.