"ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", საქართველო არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს, თქვა დღეს, 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკრების მემორიალთან და ასევე, ჟურნალისტების პასუხად განმარტა: "ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია".
პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება მალევე გავრცელდა რუსული სააგენტოების გვერდებსა და პუტინის მომხრეთა ჯგუფებში. საქართველოს პირველი პირის განცხადებაზე არ დააყოვნა რეაქციამ ქართველი, უკრაინელი და რუსი მომხმარებლების მხრიდან.
რუსმა მომხმარებლებმა სწრაფად აიტაცეს ღარიბაშვილის ციტატა. მათი ნაწილი განცხადების გაზიარებისას საქართველოს მთავრობას ბრძნული გადაწყვეტილებისთვის აქებს, ზოგი წერს, რომ ეს სიბრძნე კი არა, შიშია და პუტინის გავლენა.
ზოგიც ამბობს, რომ 2008 წლის ომიდან "საქართველომ გაკვეთილი გამოიტანა", "ერთი შემთხვევაც ეყოთ", „იციან, რომ შემდეგი თვითონ იქნებიან“, "მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ალბათ ოკეანის გადაღმა სწავლობდა, იქ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას", "ვის რაში სჭირდება ქართველები მეზობლის გარდა, ისიც ძველი მეგობრობის ხათრით".
რუსეთის პროპაგანდისტული, ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ღარიბაშვილის ციტატა გააზიარა და დაწერა, რომ "საქართველო გამოჯანმრთელდა", რასაც ასევე მოჰყვა რუსეთის პოლიტიკის მომხრეთა შეფასებები, მისი ტვიტერისა და ტელეგრამის გვერდებზე:
"- მათ უბრალოდ იციან, რომ შემდეგი თავად იქნებიან.
- ყოჩაღ, ძმებო.
- შესანიშნავი ამბავია!
- მინდა დავიჯერო, რომ საბოლოოდ.
- იქნებ უბრალოდ შეეშინდათ, რომ ნახეს, როგორ შეიძლება ეს თავად მოუბრუნდეთ?
- 2008 წლის გაკვეთილი არ დავიწყებიათ".
ღარიბაშვილის განცხადების გამო, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე ბოდიშის მოხდა მოუწიათ საქართველოს მოქალაქეებს. იმედგაცრუებული უკრაინის მოქალაქეები წერდნენ, რომ საქართველომ თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, რომ საქართველოს დაავიწყდა წარსული, რომ პუტინი მალე საქართველოსაც მიაკითხავს.
ქართველები კომენტარებში მეტწილად ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ხელისუფლების განცხადებას მოსახლეობა არ ემხრობა და ქართველები უკრაინელების გვერდით არიან. იხდიდნენ ბოდიშებს და პირდაპირ წერდნენ, რომ რცხვენიათ ღარიბაშვილის სიტყვების გამო.
თუ თავს ცუდად გრძნობთ, იმის გამო, რომ თქვენი ევროპული მთავრობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, თავი იმით შეგიძლიათ დაიმშვიდოთ, რომ საქართველოში მაინც არ ხართ, სადაც პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და, ამავდროულად, კიევთან "სოლიდარობა" გამოაცხადა.
2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, - წერს ტვიტერზე „მედუზას“ რედაქტორი კევინ როტროკი.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დისკუსიაში ჩაერთო, წერდნენ, რომ ღარიბაშვილის პოზიცია მათთვის მიუღებელია, უკრაინას მხარს უჭერენ და არაერთი ქართველი ჯარისკაცი ახლა სწორედ რომ უკრაინაში იბრძვის. აზიარებდნენ 24 თებერვლის აქციის ვიდეოებსაც, სადაც 10 ათასამდე ადამიანი უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდა.
ზოგიც წერდა, რომ შეკრებებსა და მანიფესტაციას აზრი არ აქვს, თუ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება.
სანქციების დაწესებაზე უარის გამო პუტინს რადის დეპუტატმაც მიმართა:
"საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად.
ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა - აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში სოლიდარობის ნიშნად ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა, რომ უკრაინის ცა დაკეტილია.
არა უშავს, ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს მაგივრად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია, მერეც არ ჩამოხვიდე.
ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?" - წერს ოლექსი გონჩარენკო.
უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ შეკრებას დღესაც მართავენ, რათა კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი პოზიცია რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებულ ომზე. პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, აქციას სლოგანად გასდევს: „ჩვენ არ ვართ ჩვენი მთავრობა, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად!“