ნორვეგიელმა ჟურნალისტმა ბერნარ ლ. მორიმ, წიგნი, რომელშიც კითხვა ასე დასვა: რატომ ირჩევენ რუსები პუტინს, რამდენიმე წლის წინ დაწერა. თუმცა მასში მოთხრობილი ამბები, განსაკუთრებით დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ისევ აქტუალურია. ნორვეგიულიდან ქართულად თამარ კვიჟინაძის მიერ ნათარგმნი ეს წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოსცა.
მორი რუსულ ენასა და ლიტერატურას ოსლოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, 2006 წელს კი ის ნორვეგიიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. ბევრი მოსკოველი მეგობარიც გაიჩინა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ევროპული განვითარების გზით მიდიოდა. თუმცა მალევე შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, პუტინმა საკუთარ ინტერესებს მოარგო კანონმდებლობა, ყირიმში დაიწყო აგრესია. ყველა გახდა მოწმე ისეთი ნაბიჯებისა, რაც, როგორც მორი წერს, ამტკიცებდა, რომ რუსეთს, 21-ე საუკუნეშიც იგივე დღის წესრიგი ჰქონდა, რაც ადრე და რომ რუსეთის ხელისუფლება სხვა სახელმწიფოთა მიწების მიტაცების იმპერიულ ტრადიციას „წარმატებით“ აგრძელებდა.
ათი წლის შემდეგ ბერნარ მორი რუსეთში დაბრუნდა და შეეცადა გაეცა პასუხი კითხვებზე, მართლაც, რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? რატომ უჭერენ მხარს იმ პრეზიდენტს, რომელიც მათ ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს? რატომ იზრდება ტოტალიტარული რეჟიმის მომხრე რუსების რიცხვი?
ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ის ჯერ თავისი კოლეგისა და მეგობრის, ოლგასა და მისი მეუღლის, სერგეისგან ცდილობს, რომელთაც შინ სტუმრობს, მაგრამ რაც მათგან ესმის ათი წლის შემდეგ, ბერნარ მორისთვის დაუჯერებელია და მის მოლოდინს არ ემთხვევა. ძველი მეგობრები სულ სხვანაირად ფიქრობენ.
წლების წინ ისინი მუშაობდნენ გაზეთისთვის „მოი რაიონ“, რომელმაც კრემლის საწინააღმდეგო უამრავი კრიტიკული წერილი დაბეჭდა. თუმცა 2014 წლის შემდეგ მორის სხვა სურათი დახვდა - ის წერს, რომ ადამიანები, რომლებიც ათი წლის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტებით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ახლა პუტინის ქება-დიდებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
„კრემლის მმართველობა, შესაძლოა, იდეალური არ არის, მაგრამ რევოლუციურ მოძრაობას, რომელიც ყველაფერს დააქცევს, ისევ კონტროლი და მკაცრი რეჟიმი გვირჩევნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ უკან, 90-იანებში დავბრუნდებით“, - ამბობს ოლგა.
მაგიდის გარშემო სიჩუმე ისადგურებს. მორი მათ გადარწმუნებას ვეღარ ახერხებს. უხერხული სტუმრობის ბოლოს ოლგა მას ურჩევს, სხვა ძველ კოლეგებსაც ჰკითხოს აზრი.
ბერნარ მორის მართლა აინტერესებდა, რა შეიცვალა ამ ათ წელში, რატომ აზიარებდნენ მისი კოლეგები მკვეთრად ანტიდასავლური ხასიათის სიახლეებს ფეისბუკზე? ან რით აიხსნებოდა, რომ პუტინს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა მხარს.
„ნუთუ საშუალო ფენის რუსები ვერ ხვდებიან, რომ უმთავრეს უფლებებს ხელიდან აცლიან? საინტერესოა, კიდევ ვინ უნდა წაართვან იმის მისახვედრად, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრობენ?“
„ვინმეს ვკითხავ“, წერს ჟურნალისტი და კიდევ ერთ ყოფილ კოლეგასთან, იურისთან შეხვედრას გადაწყვეტს. იური 2005 წელს, სანქტ-პეტერბურგში გაიცნო. ის გაზეთის დისტრიბუციის განყოფილების უფროსი იყო. 20 წლის განმავლობაში ჯერ საბჭოთა ჯარში, შემდეგ რუსეთის არმიაში მსახურობდა. იური ამბობს:
„ესტონეთის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვა, სრულიად ალოგიკური მგონია, ევროკავშირი ცხრა მთას იქითაა, რუსეთი კი აქვეა, ყურის ძირში. ერთმანეთს უკეთესად ვიცნობთ, შეჩვეულები ვართ. ევროკავშირს ქართული ღვინო არ უნდა, ჩვენ გვინდა“.
ბერნარი იურის არ ეთანხმება და ცდილობს აუხსნას, რომ ევროკავშირის სანქციები საპასუხო რეაქცია იყო რუსეთის აგრესიაზე ყირიმსა და დონბასში.
„იდიოტური რეაქციაა! - აწყვეტინებს მას სიტყვას იური, - ყირიმი ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო! ცალკეული იურიდიული ასპექტები დაირღვა და კრიტიკაც ნაწილობრივ მისაღებია, მაგრამ, ბუნებრივია, რომ ყირიმს რუსეთი უნდა მართავდეს. სამამულო ომის დასრულების შემდეგ გერმანელები რომ კალინინგრადში დარჩენილიყვნენ, ეს ქალაქი ისევ გერმანული ქალაქი იქნებოდა“.
ამ პასუხით გაოგნებულ მორის აინტერესებს, რას ფიქრობს იური პუტინზე. „პუტინის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, რუსეთი სწორ გზაზე დააყენა. ჩვენ, მეწარმეებს დამოუკიდებლად განვითარების იმედი და გასაქანი მოგვეცა. ელიტას მხარში უდგას... და მნიშვნელოვან პროექტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს“...
იური ბერნარს საყვედურობს, რატომ ადრე არ შეატყობინა, თუ ჩამოდიოდა: საქმეს გადადებდა, „სასმელებს იყიდდა“ და კარგადაც მოილხენდნენ.
„ნეტა ეს გულუხვი, სტუმართმოყვარე ადამიანი ასე რატომ მსჯელობს?“ - კითხულობს ბერნარ მორი და კითხვებზე პასუხების მოსაძებნად ახლა სხვა ძველ კოლეგასთან, ლარისა გრომიკოსთან შესახვედრად მიდის.
ის „მოი რაიონის“ ჯერ მრჩევლად, მერე კი აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა.
მედიაზე ლაპარაკობენ და ბერნარი ეუბნება, 2012 წლის შემდეგ პუტინმა კანონები ისეთნაირად შეცვალა, რომ დამოუკიდებელი მედია, ორგანიზაციები და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები დაემორჩილებინაო. ამაზე ლარისას მყისიერი რეაქცია აქვს:
„დამოუკიდებელი მედიის“ იდეა „რუსული პატრიოტიზმის“ იდეაზე არანაკლებ პროპაგანდისტულია, - ამბობს ის, - დღეს მსოფლიოს საპირისპირო პროპაგანდისტული მექანიზმი მართავს - პუტინური და ევრო-ამერიკული. ორივე სრული დატვირთვით მუშაობს“.
ლარისას სჯერა, რომ რუსეთში ევროპული პროპაგანდის მომხრე ლიბერალური ჟურნალისტები მეტნი არიან, ვიდრე პროპუტინური პროპაგანდის მხარდამჭერი კონსერვატორები.
რუსული და დასავლური მედიების გვერდიგვერდ დაყენება წარმოუდგენელია, - წერს ავტორი და იხსენებს, 2017 წლის თებერვალში, რუსეთის ტელევიზიის პირველი არხით როგორ გადასცემდნენ ევროპაში მიმდინარე მოვლენების ყალბ და გაბუქებულ ვერსიებს იმის შესახებ, რომ, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და დანიის მაღაზიებში ბოსტნეულის დეფიციტი იყო.
შემდეგი შეხვედრა წიგნის ავტორს ოლეგ ბლოხინთან აქვს, რომელიც ყოფილი როკერია, ახლა რუსეთის ისტორიას ასწავლის და თან ფეისბუკზე თავგამოდებით იცავს პუტინის პოლიტიკას.
მასთან ერთად ბერნარ მორიმ უნდა უპასუხოს კითხვას, არის თუ არა რუსეთი ევროპის ნაწილი? ერთმანეთს მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ჰიპურ როკკლუბში ხვდებიან, ოღონდ არა მუსიკაზე სალაპარაკოდ.
ოლეგი საქმეზე მალე გადადის.
„ეგ კითხვა მრავალი წელი არსებობს, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, არსებობს საკუთრივ რუსული გზა, რუსული იდეა. ეს გზა მიმართულებას იცვლიდა ხოლმე“.
მერე ოლეგი ბერნარს უყვება, 2000-იანი წლების დასაწყისში თვითონაც რომ ლიბერალთა ბანაკში იყო.
„იმდენად ვაქტიურობდი, რომ საფრთხე შემექნა, „კგბ“-ში დამიბარეს, კარგა ხანს დასავლური ლიბერალიზმის ბრმად მწამდა და ბოლოს მივხვდი, რომ ლიბერალიზმის წმინდა იდეა სინამდვილეში არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ ბანდიტები, რომლებიც ჯიბეს ფულებით ივსებენ“.
- განა ყველაზე დიდი ქურდბაცაცები კრემლში არ სხედან? პანამის დოკუმენტებმა ხომ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ იმ ჩახლართულ ქსელს, რომელიც სახელმწიფო გადასახადებიდან ყოველწლიურად მილიონობით რუბლს ითვისებს, პუტინი მეთაურობს?
- პუტინს ქურდობა რაში უნდა აინტერესებდეს? პრეზიდენტი რომ აღარ იქნება, იმ ფულს სად წაიღებს? ამერიკაში წავა? კუნძულს იყიდის? ჩემი აზრით, მსგავს სისულელეებს პუტინის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები იგონებენ, მაგალითად, ხოდორკოვსკი.
მოკლედ, ოლეგი კმაყოფილია.
2001 წელს მან 54 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა იყიდა, მეტროსადგურ „ბელორუსკისთან“ ახლოს. ბინა კი პატარაა, მაგრამ ისტორიული კორპუსია, სტალინურ სტილში. ტროლეიბუსიც იქვე ჩერდება, შერემეტიევოს აეროპორტის ავტობუსის გაჩერებაც ორი წუთის სავალზეა, რკინიგზის სადგურიც არაა შორს. „მოკლედ, უამრავი შესაძლებლობაა...“
დიდხანს საუბრობენ. ოლეგი ეუბნება:
„სულ მალე მიხვდებით, რომ რუსეთი სხვის ჭკუაზე არასოდეს დადის, ყველას დავანახვებთ, რომ ჩვენთან ჩხუბი არ მოქმედებს. ნუ გეშინია, ბერნარ, თავს არავის ვესხმით. ჩრდილოეთ ნორვეგიის ბედი თუ გაღელვებს, დაგამშვიდებ, არაფერი გემუქრებათ. უხეშად არავის საქმეში ჩარევას არ ვაპირებთ“.
ბერნარს მომდევნო შეხვედრა ალექსეისთან აქვს, გამოცდილ ჟურნალისტთან, რომელიც მაისიდან სექტემბრამდე სამსახურში ველოსიპედით დადის - მოსკოვის საშუალო ფენის ეს ახალი ტრენდი მისთვის არ არის უცხო ხილი. ახლაც ველოსიპედებით მიდიან და ლაპარაკობენ.
ძირითადად იმაზე, თუ რატომ არ იწუხებს თავს მოსკოვის საშუალო ფენა პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად.
„მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, ლოთები და მათხოვრები ქუჩაში ნაკლებად ჩანან. ხალხი ბევრად უკეთ გამოიყურება. მართალია, ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ არა მგონია, დასავლეთ ევროპაზე მეტი უმუშევარი გვყავდეს... მთავარია, ამაზე უარესი ავტორიტარული გზით არ წავიდეთ“.
მერე ალინა კუზნეცოვასთან შეხვედრის დრო მოდის - ის დონის როსტოვის მეზობელი ქალაქიდან, ტაგანროგიდანაა. ერთხანს ისიც მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნდა. საუბრის თემა - უკრაინაა. ალინა ამბობს, რომ პუტინის მიმართ თავიდან ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი, მაგრამ მერე... „აქ ამ პატარა ქალაქში გასაქანი არ გაქვს“.
ხელისუფლებას თუ გააკრიტიკებ, მაშინვე ქეჩოში ჩაგავლებენ ხელს და გკითხავენ, ჩვენთან ხარ თუ ჩვენ წინააღმდეგო.
ალინას სამსახურში კი ნაკლებს ლაპარაკობენ პოლიტიკაზე, მაგრამ მის ფეისბუკგვერდზე ნამდვილი დებატები იმართება. ბერნარს უყვება, რომ ერთ-ერთი კოლეგა „მოი რაიონიდან“, რუსეთში მცხოვრები უკრაინელი ჟურნალისტი მეგობრებიდან წაშალა, რადგან რუსეთს აგრესორს ეძახდა.
„უკრაინელები ხშირად გვაგინებენ, ლოთები ხართო, გვეძახიან. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ აღმოსავლეთუკრაინელები და სამხრეთელი რუსები ერთმანეთისგან დიდად არ განვსხვავდებით. საერთო კულტურა გვაქვს“.
საუბარში შვეულმფრენის პილოტის, ნადია სავჩენკოს ამბავსაც ეხებიან, რომელიც რუსეთში დაატყვევეს და გაასამართლეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის სახალხო გმირად იქცა. ის უკრაინული კრების წევრადაც კი აირჩიეს, დაუსწრებლად.
ის ბერნარის და ალინას ამ შეხვედრიდან მალევე გაათავისუფლეს - იმავე დღეს ალინას შეტყობინება მიუვიდა, ნუ დაწერ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში აგრესიული მხარეა, ხომ ხედავ, ის უკრაინელი პარლამენტარი ქალბატონი რა ზიზღსაც თესავსო. დასტურად რაღაც ბმულებიც მოაყოლა, თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, ყალბი პროფილების სახელით გავრცელებული...
„მოკლედ, კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ პუტინის რეჟიმს მხარს არ ვუჭერ, ვიცი, რომ ასეთ ტყუილებს ისინი ავრცელებენ, მაგრამ ყველაფერი ისე ჩაიხლართა...თანაც, კიდევ ხომ არ მივემხრობი?!“
მედია - ამ თემაზე სალაპარაკოდ ბერნარ მორი გრიგორი კუნისს ხვდება, „მოი რაიონის“ დამფუძნებელს.
მან ახლაც არ იცის, მისი დაპატიმრება უკავშირდება თუ არა НТВ-ზე გასულ ფილმს, რომელშიც ის ამბობს, რომ საერთაშორისო მედიაგანვითარების ფონდს სესხის გაცემის საუკეთესო პირობები აქვს, რუსეთისგან განსხვავებით, სადაც, როგორც წესი, 12-15%-ს გახდევინებენ.
გრიგორი ახლა უკვე თავისუფალია, თუმცა ეჭვობს, რომ ნასამართლობა მომავალში არაერთ დაბრკოლებას შეუქმნის. მასთან შეხვედრამდე ბერნარ მორის სურდა მისი სასამართლო საქმე უკეთ შეესწავლა, მაგრამ ყოფილი კოლეგებიდან არცერთს ამაზე საუბარი არ სურდა. მათ შორის, არც ოლგას, რომელმაც საუბრის თემა მაშინვე შეცვალა.
რატომ სძულთ რუსებს მახინჯი რეჟიმის მიერ დევნილი ადამიანები? ამ კითხვაზე გრიგორის რამდენიმე სავარაუდო პასუხი ჰქონდა:
„რუსულ საზოგადოებას თანაგრძნობის უნარი არ გააჩნია. დღემდე სწამთ, რომ იმარჯვებს ის, ვისაც ძალა ერჩის. ამჟამინდელი ხელისუფლება ამ იდეოლოგიას ამყარებს... მედიის უმეტესობა კი ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მთავრობა თავის მოვალეობას ასრულებს, კორუფციას ებრძვის. ხალხიც ყველაფერს ფეხებზე იკიდებს“.
ბერნარ მორი მიმოიხილავს, როგორ დაიქვემდებარა პუტინის რეჟიმმა მედიასაშუალებების უმრავლესობა. შედარებით დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ ის მედიები, ვისაც უცხოელი მფლობელი ჰყავდა, თუმცა 2014 წელს, დუმის მიერ გამოცემული კანონით, უცხოური კომპანიების ინვესტიციების წილი მედიაში 20%-მდე შეამცირეს. და ეს მედიაზე ზემოქმედების მხოლოდ ერთი ამოქმედებული მექანიზმი იყო მრავალთაგან.
გრიგორისაც ურჩევდნენ, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა ევროპაში, თუმცა, გაქცევას მან მაინც რუსეთში დარჩენა და იქ მუშაობა არჩია. თუმც კი იცის, რომ მთელი ძალაუფლება ჯერ ისევ პუტინის ხელშია.
„პუტინის მმართველობამ საზოგადოებას ისეთი კიბო დამართა, რომლის მოკვეთაც ჯერ ვერ ხერხდება. სასწაულიც რომ მოხდეს, კრემლმა ღირსეული რეფორმატორობა გადაიბაროს და ახალი პერესტროიკა დაიწყოს, ამ დამპალ სისტემას მაინც არაფერი ეშველება. უნდა ავაფეთქოთ და თავიდან ავაშენოთ“.