ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონს სრულად აკონტროლებენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები. ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, დღეს, 25 თებერვალს, მოსკოვში განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.
მისი მტკიცებით, „რუსი მედესანტეების და ატომური ელექტროსადგურის დაცვის უკრაინული ბატალიონის სამხედროების ერთობლივი მოქმედება არის იმის გარანტია, რომ ნაციონალისტური ფორმირებები ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოყენებას ბირთვული პროვოკაციის ორგანიზებისთვის“.
კონაშენკოვი ირწმუნება, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი ნორმაშია და პერსონალი განაგრძობს საშტატო რეჟიმით სადგურის ობიექტების მომსახურებას.
ასევე ნახეთ უკრაინა იუწყება ჩერნობილის ზონაში რადიაციის მატების შესახებდღეს უკრაინის პარლამენტმა, რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება შეინიშნება და რუსეთის მიერ ჩერნობილის რაიონის ოკუპაციის და საბრძოლო მოქმედებების გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, რამ გამოიწვია რადიაციული ფონის მაჩვენებლების ცვლილება.
უკრაინამ ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმიდან პირველივე დღეს დაკარგა. ამ რაიონში ამჟამად რუსი სამხედროები იმყოფებიან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსების მიერ ჩერნობილის დაკავება ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რადგან რუსეთმა ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, პროვოკაციისთვის გამოიყენოს.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
უკრაინაზე თავდასხმის გამო ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და ავიაციის სფეროებს ახალი სანქციები დაუწესეს.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთზე არ იმოქმედა ახალმა სანქციებმა