უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 25 თებერვალს დილით გამოვიდა უკრაინის მოქალაქეებისადმი ახალი მიმართვით, რომელშიც მათ მოუწოდა, გააგრძელონ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა.
მან თქვა, რომ უკრაინა იძულებულია, მარტომ დაიცვას თავი. რუსეთზე არ იმოქმედა ახალმა სანქციებმა, მსოფლიო კი მოვლენებს შორიდან აკვირდება. „დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? გვესმის ცაში და გვესმის მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მაგრამ, მიაჩნია ზელენსკის, რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს უკრაინასთან დიალოგში შესვლა, „იმაზე ლაპარაკი, როგორ დავასრულოთ საბრძოლო მოქმედებები და შევაჩეროთ ეს ინტერვენცია. რაც უფრო მალე დაიწყება ლაპარაკი, მით უფრო ნაკლები დანაკარგი ექნება თავად რუსეთს“, - თქვა ზელენსკიმ.
თავისი გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ რუსულად მიმართა რუსეთის მოქალაქეებს. „წუხელ ღამით დაიწყეს გმირი ქალაქის, კიევის საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა. ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
„რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, რომელიც საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობს, მინდა ვუთხრა: ჩვენ თქვენ გხედავთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ისმინეთ ჩვენი ხმა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი გჯერათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, - მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს.
24 თებერვლის დილიდან რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე. იტყობინებიან, რომ იბომბება უკრაინის დიდი ქალაქები. მიმდინარეობს ბრძოლები დონბასში, ხარკოვის მახლობლად, უკრაინის ჩრდილოეთში. გავრცელდა ცნობები რუსეთის დესანტზე კიევთან და ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრაზე ანექსირებული ყირიმიდან.
24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ პრაქტიკულად მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდანაც.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს, 137 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.