უკრაინა იუწყება ჩერნობილის ზონაში რადიაციის მატების შესახებ

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტი იუწყება რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით. ეს მონაცემები ონლაინ-რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

უკრაინის პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ჩერნობილის რაიონის ოკუპაციის და საბრძოლო მოქმედებების გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, რამ გამოიწვია რადიაციული ფონის მაჩვენებლების ცვლილება.

უკრაინამ ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმიდან პირველივე დღეს დაკარგა. ამ რაიონში ამჟამად რუსი სამხედროები იმყოფებიან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსების მიერ ჩერნობილის დაკავება ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რადგან რუსეთმა ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, პროვოკაციისთვის გამოიყენოს.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.