საბჭოთა კავშირში აკრძალული უკრაინული ფილმები

უკრაინა ერთ-ერთი ლიდერია საბჭოთა ეპოქაში აკრძალული ფილმების რიცხვით. მოსკოვი ყველაზე ხშირად ნაციონალიზმში სდებდა ბრალს ოდესის და კიევის, დოვჟენკოს სახელობის სტუდიაში მოღვაწე რეჟისორებს. გაუჭირდა თავად ალექსანდრე დოვჟენკოსაც, ყველა დროის და ხალხის ფილმებს შორის მოხსენიებული შედევრის, „მიწის“ ავტორს. 1954 წელს, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, დოვჟენკო წერს თავის დღიურებში: „მე უკრაინაში მინდა ცხოვრება... დაე, უსირცხვილო ჩინოვნიკებმა, ადამიანების მჭამელებმა, დამიძახონ ხალხის მტერი... მე უკრაინის შვილი ვარ!“ დოვჟენკო განსაკუთრებით განიცდიდა იმას, რომ ომის წლებში პირადად სტალინმა აკრძალა მისი სცენარის „ცეცხლოვანი დღეების მოთხრობის“ ეკრანიზაცია. თუმცა უკრაინული კინოს ისტორიაში ბევრია ფილმი, რომელიც თაროზე შემოდეს გადაღებების დასრულების შემდეგ. მე თქვენთვის 10 შევარჩიე. ყველა ამ სურათის ნახვა შეგიძლიათ Youtube-ის არხზე.

1. „გარმონი“ (1934, რეჟისორი იგორ სავჩენკო)

ერთ-ერთი პირველი საბჭოთა მუსიკალური კომედია გარმონისტ ტიმოშკაზე, რომელმაც გადაწყვიტა მოაწესრიგოს სოფლის პარტიული ორგანიზაცია. დღესაც აღიქმება როგორც პომპეზური სტალინური ესთეტიკის ალტერნატივა - მსუბუქი, ირონიული და სიცოცხლის სავსე. ფილმი გამოვიდა ეკრანებზე, მაგრამ რამდენიმე დღეში აიკრძალა. როგორც გაირკვა, სტალინმა ნახა სავჩენკოს სურათი, დაიბარა კინემატოგრაფის ხელმძღვანელობა და განუცხადა: „ასეთი საზიზღრობის გადაღება აღარ გაბედოთ!“.

2. „პრომეთე“ (1936, რეჟისორი ივანე კავალერიძე)

ქართული წარმომავლობის უკრაინელი რეჟისორი ცენზურამ განსაკუთრებით დააზარალა. მას არა მარტო ფილმების გამო დევნიდნენ - ნაცისტების მიერ ოკუპირებულ კიევში, 1941 წელს, იგი კულტურის განყოფილების უფროსად დაინიშნა, რაც სრულიად საკმარისი გახდა მისი კოლაბორაციონისტად გამოცხადებისთვის. „პრომეთეში“ კავალერიძე ძეგლს უდგამს შამილს, რომელთანაც ერთად იბრძოდა მისი ბაბუა ნიკოლოზ კავალერიძე და რის გამოც იგი უკრაინაში გადაასახლეს. ივანე კავალერიძე, პირველი პროფესიით მოქანდაკე, რომელსაც „იუნესკომ“ „უკრაინელი მიქელანჯელო“ შეარქვა, უკრაინაში დაიბადა და კავკასიასთან, ქართულ კულტურასთან თითქოს არაფერი ჰქონდა საერთო. მაგრამ „პრომეთეში“ მან თითქოს დაიბრუნა იდენტურობა, რომელიც რუსეთის იმპერიამ წაართვა, დაანგრია მითი „ველურ კავკასიელზე“, რაც ძვირად დაუჯდა: კავალერიძე ამ „ფორმალისტური“ ფილმისთვის კინაღამ დააპატიმრეს.

3. „წყარო მწყურვალისთვის“ (1965, რეჟისორი იური ილიენკო)

ეს სიურრეალისტური იგავი ცენზურამ ფორმალიზმის გამო დაიწუნა. თუმცა ქვეტექსტი მაშინვე ამოიცნეს - ილიენკოს დებიუტი დიდ კინოში, ფილმი, რომელშიც ტექსტი მინიმუმამდეა დაყვანილი და მთელი დატვირთვა ულამაზეს გამოსახულებაზე კეთდება, გვიამბობს ერის გენოციდზე და მისი გაცოცხლების, აღორძინების შესაძლებლობაზე. ფინალური კადრები, უბრალოდ, კათარზისია - მოხუცი, რომელსაც მოჭრილი ვაშლის ხე მოაქვს, გენიალური კინემატოგრაფიული სახეა - უაღესად თანამედროვე და მტკივნული უკრაინისთვის.

4. „კიევური ფრესკები“ (1966, რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი)

ფარაჯანოვის ამ შედევრიდან მხოლოდ საცდელი გადაღებების 15 წუთი დარჩა. საშუალო ხედებზე აწყობილი სურათი დღესაც გვაოცებს კადრების სილამაზით, მეტაფორულობით და, რაც მთავარია, ესთეტიკური რადიკალიზმით. მსახიობი ვია არტმანე წერდა, როცა ფარაჯანოვმა მე და ნიკოლაი გრინკო კუბოში ჩაგვაწვინა და სულ თეთრად შეგვღება, მივხვდი, რომ „ფრესკებს“ ცენზურა აუცილებლად აკრძალავდაო.

5. „ცისარტყელას ფორმულა“ (1966, რეჟისორი გიორგი იუნგალდ-ხილკევიჩი)

ამბავმა მეცნიერზე, რომლის მიერ შექმნილმა რობოტმა მორჩილებაზე უარი თქვა და დამოუკიდებლობა მოინდომა, მეტისმეტად გააბრაზა მოსკოვი. თუმცა ოფიციალური აკრძალვის მიზეზი არაპროფესიონალიზმი იყო - სურათს მხატვრული გადაწყვეტა დაუწუნეს. მეტიც, რეჟისორი პლაგიატში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ „ცისარტყელას ფორმულამ“ ბევრს გაახსენა იმხანად ძალზე პოპულარული ფილმი „მას რობერტი ერქვა“.

6. „სინდისი“ (1968, რეჟისორი ვლადიმირ დენისენკო)

ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა ფილმი მეორე მსოფლიო ომზე. ავტორმა გაბედა და ოფიციალურ იდეოლოგიას დაუპირისპირა ადამიანი არჩევანის წინაშე, უფრო სწორად, გვითხრა, რომ იქ, სადაც ერთადერთი იდეოლოგიაა მიღებული, ადამიანს არჩევანის გაკეთების საშუალება არა აქვს, ამიტომაც მას შეიძლება გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მოუწიოს. ცენზურამ გაანადგურა ფილმის ნეგატივიც კი, თუმცა რეჟისორმა მოახერხა და გადაარჩინა „სინდისის“ ერთი ასლი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ტრიუმფით უჩვენეს მონრეალის კინოფესტივალზე.

7. „თეთრი ღრუბლები“ (1968, რეჟისორი როლან სერგიენკო)

სურათში ფაქტობრივად მეოცე საუკუნის საბჭოთა უკრაინის ისტორიაა გამოხატული მხატვრულ სახეებში. აქამდე ვერავინ გაბედა გადაეღო ფილმი ძალადობრივი მეთოდებით განხორციელებულ კოლექტივიზაციასა და შიმშილზე, რომელიც ამ პროცესებს მოჰყვა 20-იანი წლების უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მრავალჯერ გადაკეთდა, ვფიქრობ, მაინც საინტერესოა, რისი დანახვა არ უნდოდა საბჭოთა ცენზურას კინოში, მით უმეტეს უკრაინულ კინოში, რომელსაც განსაკუთრებით ფხიზლად აკონტროლებდა.

8. „დაკარგული სიგელი“ (1971, რეჟისორი ბორის ივჩენკო)

„მეტისმეტად ნაციონალისტური“, - ასეთი შეფასებით აკრძალა ეს შესანიშნავი ზღაპარი ცენზურამ. რეჟისორი არც მალავდა, რომ უკრაინულ ფოლკლორს დაეყრდნო და პირველ რიგში გოგოლის „შავი იუმორის“ ინტერპრეტაციას შეეცადა.

9. „ხანგრძლივი განშორება“ (1971, რეჟისორი კირა მურატოვა)

საბჭოთა კინოს შედევრი, რომელიც აიკრძალა იმ მიზეზით, რომ თითქოს კირა მურატოვამ ინტელიგენცია და „უბრალო საბჭოთა ხალხი“ ერთმანეთს დაუპირისპირა. ზინაიდა შარკოს მიერ განსახიერებულ სახეში შეიძლება მთელი „საბჭოთა უხამსობა“, ვულგარულობა, მანიპულაციის ვნება ამოვიკითხოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კირა მურატოვა ბედავს შეეხოს საბჭოთა ხელოვნებაში თითქმის სრულიად ტაბუდადებულ თემას - თაობების კონფლიქტს. ამ ფილმის კომპოზიტორია ოლეგ კარავაიჩუკი, რომელიც ასევე არაერთხელ გამხდარა ცენზურის მსხვერპლი.


10. „უცნობი მსახიობის თეატრი“ (1976, რეჟისორი ნიკოლაი რაშეევი)

ფილმის განაცხადში აღნიშნული იყო, რომ იგი გვიამბობს უცნობ მსახიობებზე, რომლებმაც რევოლუციის წლებში გამოიჩინეს თავი. თუმცა მოსკოველმა მთავლიტმა პირველივე ნახვისას „დაბლოკა“ რაშეევის ფილმი ისევ და ისევ „ნაციონალიზმის“ გამო. „არ ჩანს რუს ხალხთან ერთად ბრძოლის კლასობრივი მხარე“, - განმარტეს შესაბამის დადგენილებაში. მიუხედავად ამისა, ფილმი მაინც უჩვენეს უკრაინის ეკრანებზე და ძალიან დიდი წარმატებითაც. შესაძლოა, რაშეევის ნამუშევარში ბევრი რამ მოძველებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც ნახეთ, საინტერესოა, როგორ ცდილობდა უკრაინული კინო ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.