რუსეთის ომი უკრაინაში: ინტერვენცია ამ მომენტისთვის

24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან, რითაც წერტილი დაესვა დასავლეთის მცდელობას თავიდან აერიდებინათ ომი. როგორ დაიწყო სამხედრო ინტერვენცია და რა ვითარებაა ამ მომენტისთვის.  

დილის 5 საათზე, ვლადიმირ პუტინის სატელევიზიო მიმართვიდან რამდენიმე წუთში, აფეთქებების ხმა გაისმა უკრაინის დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქ კიევში.

ხუთშაბათს, შუადღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გაანეიტრალა“ უკრაინის საჰაერო ბაზები და თავდაცვის სისტემები და გაანადგურა 74 ობიექტი, მათ შორის, 11 აეროდრომი, 18 სარადარო სადგური.

უკრაინული მხარის თქმით, რუსეთმა 203-ჯერ მიიტანა იერიში ქვეყანაზე და ახლა ბრძოლები ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, შეჭრას შეეწირა 40-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 18 გარდაიცვალა ოდესის რეგიონში სარაკეტო დარტყმის შედეგად, 6 ადამიანი მოკვდა ქალაქ ბროვარიში, კიევთან ახლოს და 4 ადამიანი გარდაიცვალა ქალაქ უგლედარში, დონეცკში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად.

რუსებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

თავდასხმის გეოგრაფია

რუსი სამხედროები წინ მიიწევენ ჩრდილოეთიდან კიევისკენ; აღმოსავლეთიდან დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვისკენ; სამხრეთიდან კი ყირიმიდან.

სამიზნეებს შორის მოხვდა ინფრასტრუქტურა კიევში, ხარკოვსა და ოდესაში.

ჩრდილოეთიდან

ჩრდილოეთიდან, რუსმა სამხედროებმა საზღვარი გადაკვეთეს სენკოვკას გამშვები პუნქტიდან, რომელიც უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის კვეთაზე მდებარეობს.

ტანკები და სხვა სამხედრო კოლონები, სავარაუდოდ, მიემართებიან ჩერნიგოვისკენ, რომელიც კიევის გზაზე მდებარეობს.

რუსული ტანკები სენკოვკას გამშვებ პუნქტზე.

უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენები თავს დაესხნენ გოსტომელის აეროდრომს, კიევიდან დაახლოებით 40 კმ-ში და დაიკავეს ის.

დაბომბეს ქალაქი ბროვარი, კიევის აღმოსავლეთით.

აღმოსავლეთიდან

აღმოსავლეთიდან არის ცნობები, რომ რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, რომლის მოსახლეობა 1 მილიონს აღემატება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სასტიკი ბრძოლები“ მიმდინარეობდა ამ მხარეში. დაბომბილია ქალაქის ნაწილი.

ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებები იყო დონეცკში.

რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სეპარატისტებმა დაიწყეს შეტევა უკრაინის კონტროლირებად ქალაქ შასტიეზე, ლუგანსკის ოლქში.

სამხრეთიდან

სამხრეთით, რუსი სამხედროები უკრაინაში შეიჭრნენ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან, ქალაქ ხერსონის მიმართულებით. გზად მათ აიღეს ჩონგარი და ნოვო ალექსეიევკა.

რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინის ხერსონის ოლქში.

აფეთქებები იყო ოდესაში, მარიუპოლში, მელიტოპოლსა და ხერსონში.

რუსული სამხედრო ძალა უკრაინის ირგვლივ

ჯერ კიდევ 18 თებერვალს, აშშ-ის შეფასებით, რუსეთს დაახლოებით 169,000-დან 190,000-მდე პერსონალი ჰყავდა უკრაინაში და მის გარშემო.

დაახლოებით 32,000-კაციანი სეპარატისტული ჯგუფები უკვე მოქმედებდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

უკრაინის მახლობლად მძიმე იარაღის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე განლაგდა. ახალი წლის პერიოდში რუსეთმა დაიწყო ტანკების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების გადატანა ბელარუსში, ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად. სამხედრო ნაწილების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა.

დასავლური შეფასებებით, რუსეთის საჰაერო ძალების ნახევარი ახლა უკრაინის მახლობლად არის განლაგებული.