ლიეტუვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ევროკავშირის და ნატოს წევრ ბალტიის სახელმწიფოში, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ვილნიუსში პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ განკარგულება ხელმოწერილია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დაუყოვნებლივ და ძალაში იქნება 2022 წლის ათ მარტამდე. პარლამენტს არ დაუმტკიცებია ინიციატივა, მაგრამ მოსალოდნელია სრული მხარდაჭერა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ კანონიერი ზომები ჩვენი უსაფრთხოების განსამტკიცებლად", - თქვა ნაუსედამ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.

საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას ნებართვას აძლევს გაჩხრიკონ ხალხი და სატრანსპორტო საშუალებები ქვეყნის საზღვრის მახლობლად. პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ამას ლიეტუვის მოქალაქეთათვის შეზღუდვები არ მოჰყვება.

ლიეტუვა ესაზღვრება რუსეთის ეკსკლავ კალინინგრადის ოლქს, ასევე ბელარუსს, რომელიც მჭიდრო კავშირშია რუსეთთან. ლიეტუველი სამხედროების განცხადებით, ისინი მზად არის მოიგერიონ ყოველგვარი აგრესია გარედან, თუმცა უშუალო საფრთხე არ არსებობს. ლიტვა უსაფრთხოდ არის, რადგან ნატოს წევრია 2004 წლიდან, - განაცხადა ნაუსედამ, რომლის თანახმად, მისი ქვეყანა ნატოს საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვს და ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე კი მისი ქვეყანა ბელარუსისთვისაც სანქციების დაწესების საკითხს წამოაყენებს. მოვითხოვთ არა მხოლოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არამედ ბელარუსის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორიიდან მიმდინარეობს აგრესიული ქმედებები, - თქვა მან.