„იქ, სადაც გარგარი აღარ იზრდება, იწყება რუსეთი“ - ასეთი წანამძღვარი აქვს კიევში მცხოვრები უკრაინელი პოეტისა და მთარგმნელის, ლიუბა იაკიმჩუკის პოემას, „დონბასის გარგარი“, რომელიც მან ოქტომბერში, თბილისშიც წაიკითხა, როცა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს სტუმრობდა. ლიუბამ, რომელმიც თავად ლუგანსკიდანაა, მაშინაც ბევრი ილაპარაკა უკრაინასა და მოსალოდნელ ომზე რუსეთთან. დღეს დილით კი მის ფეისბუკზე მოკლედ სტატუსი დამხვდა:
“კიევი. არ მიუახლოვდეთ ფანჯრებს. აფეთქებების ხმა ისმის“.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: ლიუბა, სალამი, როგორ ხართ, სად ხართ ახლა?
ლიუბა იაკუმჩუკი: ახლა კიევში ვარ, ჩემს ოჯახთან და ვაჟთან ერთად.
რადიო თავისუფლება: გარეთ გადიხართ?
ლიუბა იაკიმჩუკი: დღეს გავიხედეთ და აფეთქება დავინახეთ. კვამლი. ჩემი ფანჯრებიდანაც ჩანდა. ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობთ. ცოტა მოშორებით, მაგრამ სად რა მოხდება. არავინ იცის. ჩემმა ქმარმა ფანჯრების რკინის დარაბები დაკეტა.
რადიო თავისუფლება: შიში იგრძნობა? ხალხი რას ამბობს?
ლიუბა იაკიმჩუკი: ჯერ პანიკა არ არის, თუმცა ყველაფერი მოვიმარაგეთ. პირველადი დახმარების ნივთები, საჭმელი. ელექტრო გენერატორიც ვიყიდეთ. მოკლედ, ჩემი ოჯახი მზადაა რუსეთის მხრიდან მასიური შემოტევისთვის. ისიც ვიცი, რომ უკრაინის ჯარი ისეა მომზადებული, როგორც არასდროს აქამდე.
რადიო თავისუფლება: საერთო განწყობა როგორია?
ლიუბა იაკუმჩუკი: ვიცით, რომ ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა. რუსეთს ძალიან ძლიერი არმია ჰყავს. მაგრამ იმისიც მჯერა, რომ ეს იქნება რუსეთის იმპერიის კოლაფსის დასაწყისი.
რადიო თავისუფლება: გარშემო რა ხდება? თქვენი ახლობლები, მეზობლები...
ლიუბა იაკიმჩუკი: ჩვენმა მეზობლებმა გვთხოვეს, რომ ჩვენს სახლში იქნებიან დაბომბვის დროს, რადგან ჩვენ ფანჯრებზე რკინის ჟალუზები გვაქვს.
რადიო თავისუფლება: უკრაინიდან წასვლაზე ფიქრობთ?
ლიუბა იაკიმჩუკი: ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის დატოვებას. ჯერ ისიც კი არ ვიცით რა მოხდება ან სად უნდა წავიდეთ. რუკას დავხედე, სადაც ჩამოაგდეს ჭურვები და პრინციპში, მთელი ქვეყანა თავდასხმის წინაშეა.
რადიო თავისუფლება: ლუგანსკიდან რა ცნობები მოგდით? ვიცი, რომ იქ ახლობლები გყავთ.
ლიუბა იაკიმჩუკი: გუშინ დედაჩემმა დაურეკა თავის მეგობარს, რომელიც ლუგანსკში ცხოვროსბ. მან უთხრა, რომ იქაურობას ვერ ტოვებენ, რადგან საამისოდ რუსული პაპსორტები უნდა აიღონ. ამაზე კი მან და მისმა ქმარმა უარი განაცხადეს... ლუგანსკში სრული მობილიზაციაა.
ხუთშაბათს, გამთენიისას, მოსკოვმა უკრაინაზე შეტევა დაიწყო, აფეთქებები იყო აეროპორტებში და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის სულ მცირე შვიდ ქალაქში. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "საგანგებო" ოპერაციის ბრძანება გასცა, უკრაინის "დემილიტარიზაციის" მიზნით.