ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელმაც მანამდე უარყო ბელარუსის ჯარის მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, განაცხადა, რომ „თუ რუსეთს დასჭირდება“, ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება.
„ჩვენი ჯარი იქ არ იმყოფება, მაგრამ თუ ეს დასჭირდება რუსეთსა და ბელარუსს, ჯარი იქ იქნება“, - მოჰყავს ლუკაშენკას გამონათქვამი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს.
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 24 თებერვალს დამოუკიდებლობის სასახლეში სამხედრო საბჭოს სხდომა გამართა და განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრის დროს მან სთხოვა პუტინს, რომ ერთობლივ წვრთნაში, „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში, მონაწილეობის მისაღებად რუსეთიდან გადასროლილი სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი ბელარუსში დაეტოვებინა.
„მოსკოვში ბოლო შეხვედრის დროს, მე პირადად შევთავაზე პუტინს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილის დატოვება ბელარუსის სამხრეთში. რატომ? მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით მზად, ამ შემთხვევაში დაგვეცვა სამხრეთის მიმართულება, რადგან უკრაინული სამხედრო ნაწილები - სამხედრო და არა სასაზღვრო - საზღვრისკენ დაიძრნენ და იქ მანევრები წამოიწყეს. ჩვენ ამას ვხედავდით, მაგრამ იქ ჩვენ ჯარი არასოდეს გვყოლია. ამიტომ მე შევთავაზე [პუტინს] დაეტოვებინა რუსეთის ჯარის მცირე ნაწილი სამხრეთ საზღვარზე მანამ, სანამ მათ არ ჩავანაცვლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალებით“, - განაცხადა 24 თებერვალს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
მანამდე უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.