საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

პრეზიდენტის განცხადებით, მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს ხელის მოწერით დაეთანხმოს.

"დღეს როგორც არასდროს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება...

საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, რომ ყველამ ერთად [ოპოზიციამ და ხელისუფლებამ] გამოვხატოთ, რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს...

ჩემი მრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა. უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ ყველგან", - თქვა პრეზიდენტმა.

პარლამენტში სხდომის მოწვევის მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიცია გამოვიდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამის საჭიროება არ არის.

ასევე ნახეთ სამადაშვილი: ახლა ერთიანობის დროა, თუ ვერ მოვახერხებთ, შეიძლება დავკარგოთ სახელმწიფო
ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარე: არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებ

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.