პარლამენტის თავმჯდომარე: არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებო სხდომის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს. ეს მოთხოვნა ოპოზიციას ჰქონდა, მათ შორის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ფრაქციის წევრს - სალომე სამადაშვილს.

"არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს, ვინაიდან საკითხის პარლამენტში განხილვის დიდ აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ვაპირებ შევხდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. დღეს მთავარია ომის შეჩერება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სალომე სამადაშვილი პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, აუცილებელია მთავრობამ დეპუტატებს ქვეყნის თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ხედვები გაუზიაროს.

"ყოველგვარი თავდასხმების გარეშე ჩვენ გვსურს მოვისმინოთ, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ ასეთი გამოწვევის წინაშე ჩვენი სახელმწიფო არ მდგარა. დღეს არ არის პოლიტიკური გაყოფის დროს, დღეს არის ჩვენი ქვეყნის დაცვის დრო", - თქვა სამადაშვილმა.

ასევე ნახეთ სამადაშვილი: ახლა ერთიანობის დროა, თუ ვერ მოვახერხებთ, შეიძლება დავკარგოთ სახელმწიფო

24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებ

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.