პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს სამკურნალოდ უკრაინაში გააგზავნოს. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში ის მზად არის, უარი თქვას საქართველოს პოლიტიკაში ჩართულობაზე. ასე გამოეხმაურა სააკაშვილი მის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე უკრაინაში დაწყებულ რუსულ სამხედრო მოქმედებებს.
"მათი შემოთავაზება იყო ჩემი განკურნება მათ ქვეყანაში, მე მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში უნდა შევათავსო ეს მკურნალობა მხოლოდ კიევში. არანაირი ევროპაში "დასვენება". ახლა ამის დრო არ არის.
თუ თქვენ [საქართველოს ხელისუფლება] დათანხმდებით, მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ... ავიღებ ვალდებულებას, ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს ოღონდ, არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით. ოღონდ, თუ დამიბარებთ და ჩამომიყვანთ, ეს პირობა აღარ შესრულდება. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა...
მე ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, რაციონალურად და განსჯით მოეკიდოს ჩემს ამ წინადადებას. თავის მხრივ, მე მზად ვარ დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც მე გადავიტანე ციხეში და ბევრი სხვა რამე, იმიტომ რომ საქმე ეხება ბევრად მნიშვნელოვანს, წვრილმანად ჩანს ყველა ის უთანხმოება იმასთან, რაც დღეს ხდება", - თქვა სააკაშვილმა მის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე.
მისი თქმით, ის მზად არის დაბრუნდეს საქართველოში მაშინვე, როგორც კი გამოჯანმრთელდება და საქართველოს ხელისუფლება ამას მოსთხოვს.
"როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, ამის შემდეგ გაძლევთ ჩემს პატიოსან სიტყვას და მე ჩემს სიტყვას არასდროს არ ვარღვევ - ვთქვი, რომ ჩამოვალ და ჩამოვედი, ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა.
თუ გადაწყვეტთ ამ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც მე უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში, რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი დავრჩი ამ ყველაფრის შედეგად", - თქვა სააკაშვილმა.
24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებრუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.