კორძაიას თქმით, საქართველომ რაგბის მატჩი უნდა ჩაშალოს: რუსმა რაგბისტებმაც ამოიღონ ხმა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს საქართველოში დაგეგმილი რაგბის მატჩი. მისი თქმით, "ქართული ოცნება" "გონს უნდა მოეგოს". ამის შესახებ თამარ კორძაიამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო თავდასხმაზე საუბრის დროს განაცხადა.

"მე იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" მოეგება გონს და სტუმარ-მასპინძლობაზე კი არ დაგვიწყებს საუბარს, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, სულ მცირე, ჩაშლის რაგბის ფინალურ თამაშს, რომ რუსები აქ არ ჩამოვიდნენ და არ ვუმასპინძლოთ მათ. პერსონალურად რაგბისტებს არავინ არ ერჩის, მაგრამ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა პუტინის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ერთი ადამიანის ახირებაა ომის გამოცხადება. ამიტომ რუსმა რაგბისტებმაც ამოიღონ ხმა პუტინის წინააღმდეგ, თუ არადა, ასეთი ადამიანები ჩვენთვის უნდა იყვნენ მიუღებლები...

ვინმეს თუ სჯერა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულია, ის ან გვატყუებს, ან ძალიან მიამიტია. საქართველოს რუსეთმა ომი რომ გამოუცხადა 2008 წელს, ოლიმპიადაზე იყო პუტინი და იქ ნახა საფრანგეთის პრეზიდენტმა - შევახსენებ, ვისაც არ ახსოვს", - განაცხადა თამარ კორძაიამ "მთავარი არხის" ეთერში.

რუსეთ-საქართველოს ნაკრებებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა 27 თებერვალს თბილისში, "დინამოარენაზე" უნდა გაიმართოს.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებ

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.