„დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მისი მოდერნიზაციის შესაძლებლობას“ - ევროკავშირი დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მიიღებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ სასწრაფოდ მოიწვია საგანგებო სხდომა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის განსახილველად და ახალი სანქციების დასაწესებლად, რომლებიც „მასიურ და მკაცრ შედეგებს დაუწესებს რუსეთს“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განმარტა, თუ რა სახის სანქციებზე იქნება ლაპარაკი. მისი თქმით, ახალი შეზღუდვების ამოცანა იქნება რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს შეეზღუდოს წვდომა “რუსეთისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე“ ტექნოლოგიებზე და ბაზრებზე.

„ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მისი მოდერნიზაციის შესაძლებლობას. დამატებით, ჩვენ გავყინავთ რუსეთის აქტივებს ევროკავშირში და შევუზღუდავთ რუსეთის ბანკებს წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ სანქციების მიზანია „დიდი ზიანი მიაყენოს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობას“.