სამადაშვილი: ახლა ერთიანობის დროა, თუ ვერ მოვახერხებთ, შეიძლება დავკარგოთ სახელმწიფო

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ აუცილებელია, მთავრობამ დეპუტატებს ქვეყნის თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ხედვები გაუზიაროს. დეპუტატი ამბობს, რომ ახლა ერთიანობის დროა:

"ჩვენი მოთხოვნაა და ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ დღესვე მოწვეული იქნას პარლამენტში საგანგებო სხდომა. იქ უნდა გამოცხადდეს მთავრობის კაბინეტის მთელი შემადგენლობა და ჩვენ მოვისმინოთ, რა გეგმა არსებობს ჩვენი თავდაცვის უსაფრთხოების და ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახლა არის ერთიანობის დრო. თუკი ახლა ვერ მოვახდინეთ ჩვენს ქვეყანაში ხალხის და ერის კონსოლიდირება, ჩვენ შეიძლება მართლაც დავკარგოთ სახელმწიფო.

ყოველგვარი თავდასხმების გარეშე ჩვენ გვსურს მოვისმინოთ, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ ასეთი გამოწვევის წინაშე ჩვენი სახელმწიფო არ მდგარა. დღეს არ არის პოლიტიკური გაყოფის დროს, დღეს არის ჩვენი ქვეყნის დაცვის დრო", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

ამ ეტაპამდე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.

ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებ

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.