საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება რუსეთის მიერ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყებას. ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გაავრცელა.
"სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.
24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებრუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.