უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსეთმა შეტევა დაიწყო ბელარუსის ტერიტორიიდანაც

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, შეტევა მიმდინარეობს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებში. იერიში ხორციელდება ანექსირებული ყირიმიდანაც.

რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად კიევში დაზიანებულია 3 საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. მისივე ცნობით, კიევის ოლქში იერიში განხორციელდა საბრძოლო მასალების საწყობებზეც.

სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“-ს ინფორმაციით, რუსეთმა დესანტი გადასხა ქალაქებში ოდესასა და მარიუპოლში და სარაკეტო იერში მიიტანა ქალაქ დნეპრის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტებზე. ოდესაში რუსული დესანტის გადასხმა უარყო უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბმა.

ტელეკომპანია CNN უკრაინის შსს-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო იერიშების შედეგად ასეულობით დაზარალებულია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაღუპულები.

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.