სტოლტენბერგი: ნატოელი მოკავშირეები შეხვედრას გამართავენ მოსკოვის "აგრესიულ მოქმედებაზე"

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მკაცრად გმობს რუსეთის "თავზეხელაღებულ და არაპროვოცირებულ თავდასხმას" უკრაინაზე და ამბობს, რომ ნატოელი მოკავშირეები შეხვედრას გამართავენ, მოსკოვის "აგრესიული ნაბიჯების" შედეგების განსახილველად.

ხუთშაბათს, დილით ადრე გავრცელებულ განცხადებაში სტოლტენბერგი ამბობს: "ჩვენი მხრიდან რამდენჯერმე გამოთქმული გაფრთხილების და დიპლომატიისკენ დაუღალავი მოწოდებების მიუხედავად, რუსეთმა კიდევ ერთხელ აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ".

სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია და დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

"ნატოელი მოკავშირეები შეხვედრას გამართავენ, რუსეთის აგრესიული მოქმედებების შედეგებზე სალაპარაკოდ. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ ამ უმძიმეს დროს. ნატო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ დაიცვას ყველა მოკავშირე", - წერს სტოლტენბერგი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, გამთენიისას, სატელევიზიო გამოსვლაში უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის სამხედროებს მოუწოდა იარაღი დაყარონ, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილებებისა და გლობალური მოწოდებებისა, მოსკოვს არ დაეწყო ომი. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი სამოქალაქო პირების დაცვაა და უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალების აღკვეთა.

უკრაინის ქალაქებიდან ვრცელდება ცნობები, რომ ისმის საარტილერიო ცეცხლის და აფეთქებების ხმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუყოვნებლივ დაგმო რუსეთის "არაპროვოცირებული და გაუმართლებელი" თავდასხმა უკრაინაზე და გამოვიდა პირობით, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს პასუხს აგებინებენ.