პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის სამხედროებს მოუწოდა, იარაღი დაყარონ, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილებებისა და გლობალური მოწოდებებისა, მოსკოვს არ დაეწყო ომი. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი სამოქალაქო პირების დაცვაა.

"მივიღე სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილება", - განაცხადა მან ხუთშაბათს, მოსკოვის დროით დილის 6 საათამდე ცოტა ხნით ადრე, მოულოდნელ სატელევიზიო გამოსვლაში.

პუტინის გამოსვლას წინ უსწრებდა კრემლის განცხადება, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მეამბოხეებმა მოსკოვს სამხედრო დახმარების გაწევა სთხოვეს, კიევის წინააღმდეგ.

პუტინმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი პასუხია უკრაინიდან მომდინარე საფრთხეზე. მისი თქმით, რუსეთი არ გეგმავს უკრაინის ოკუპაციას და მისი სურვილია უკრაინის "დემილიტარიზაცია" და "დენაციფიკაცია".

პუტინმა სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა დააკისრა უკრაინის "რეჟიმს". მან სხვა ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის მოქმედებაში ნებისმიერი ჩარევა მოიტანს "შედეგებს, როგორიც მათ არასოდეს უნახავთ".

პუტინის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის მოქალაქეებს ემოციური სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სთხოვა, არ დაუჭირონ მხარი "მასშტაბურ ომს ევროპაში".