რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 23 თებერვალს გამოაქვეყნა უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეების, ასევე ცალკეული ორგანიზაციების სია, რომლებსაც თითქოსდა კავშირი აქვთ „დონბასში რუსულენოვანი მოსახლეობის დახოცვასთან“.
ამ სიაში შედიან უკრაინის ყოფილი სამხედრო პირები და პოლიტიკოსები, ჯამში 85 ადამიანი.
რუსეთს სურს სამხედრო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი, მისი მოადგილე ანტონ გერაშჩენკო, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი გრიცენკო და გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვიქტორ მუჟენკო, რომლებიც, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, „ტერორისტული ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ“.
ხოლო „მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ცეცხლის გახსნისთვის“ რუსეთს რამდენიმე ბრიგადისა და ბატალიონ „აიდარის“ მეთაურების გასამართლება სურს.
სამხედრო დამნაშავეთა სიაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიზეზის დაუსახელებლად შეიყვანა ასევე უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ალექსანდრ ტურჩინოვი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი.
რუსეთი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია გასამხედროებული ჯგუფების - „მემარჯვენე სექტორისა“ და ბატალიონ „აზოვის“- თითოეული იმ მებრძოლის სახელები და გვარები, რომლებსაც „სასტიკი დანაშაული აქვთ ჩადენილი დონბასის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
რუსეთის ამ ნაბიჯის ფონია დასავლეთის ერთიანი პოზიცია მოსკოვის მიერ დონბასის სეპარატისტული რეჟიმების აღიარებისა და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვის გამო.
22 თებერვალს ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
გარდა დუმის 351 წევრისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის რეგიონების "დამოუკიდებლობას", სანქციების სამიზნე არიან ასევე სხვა 27 პირი და ინსტიტუტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება.
სანქციები შეეხება ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ესენია: ბანკი „როსია,“VEB Bank“ და „პრომსვიაზბანკი“.