“რა პუტინი, რის ხელმოწერა?!” - რა აკავშირებს  მესტიის მუზეუმის დირექტორს პუტინისთვის მიწერილ ღია წერილთან 

21 თებერვალს პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე დაწერილი ღია წერილი, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს. მათ შორისაა “პროფესორთა ლიგაც”. ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მესტიის მუზეუმის დირექტორია.

2013 წელს ეს ორგანიზაცია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა თავიანთი უფლებების დასაცავად შექმნეს - ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელია არქეოლოგი, თსუ-ს პროფესორი ზვიად კვიციანი. 2021 წლის დეკემბრიდან იგი მესტიის მუზეუმის დირექტორია. თანამდებობაზე იგი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. ზვიად კვიციანი ეროვნული მუზეუმის 5-კაციანი დირექტორატის წევრიცაა, შესაბამისად, მონაწილეობს არა მხოლოდ მესტიის მუზეუმის, არამედ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფი ყველა მუზეუმის მართვაში.

მანამ, სანამ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდებოდა და სამუზეუმო სისტემაში ცვლილებებს დაიწყებდა, ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფ მუზეუმებს გენერალური დირექტორისა და მისი ორი მოადგილისგან შემდგარი დირექტორატი მართავდა. ცვლილებების შემდეგ მუზეუმთა ამ ჯგუფში 4 ახალი დირექტორი დაინიშნა.

ღია წერილის ავტორები და ხელმომწერები რუსეთის პრეზიდენტს „საქმის კურსში აყენებენ“, რომ საქართველოს დასავლური კურსი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არ არის, როგორც ამას „გაყალბებული სოციალური გამოკითხვები“ წარმოაჩენს. ავტორები პუტინს არწმუნებენ, რომ სინამდვილეში საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის, ქვეყნისთვის ნატოში ინტეგრაციის მცდელობებზე უკეთესი გამოსავალი სამხედრო ნეიტრალიტეტის სტატუსი და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენაა.

ზვიად კვიციანი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ნამდვილად არის „პროფესორთა ლიგის“ დამფუძნებელი, თუმცა წერილის შესახებ არაფერი იცის:

„რა პუტინი, რის ხელმოწერა, წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება? თქვენგან ვიგებ ახლა ამას პირველად. შეხებაც კი არ მაქვს იმ დამფუძნებლებთან, ბევრი დამფუძნებელი ჰყავდა იმ ორგანიზაციას. მე სვანეთში წამოვედი ახლა, მესტიის მუზეუმის დირექტორად დავინიშნე, ერთი თვეა. ძალიან დიდ ფორსმაჟორულ ვითარებაში ვართ, უამრავი რამ არის გამოსასწორებელი აქ. ახლაც ერთ-ერთ ტაძართან ვარ, სადაც არტეფაქტების ინვენტარიზაციას ვაკეთებთ“.

ის იხსენებს, რომ წლების წინ მან და მისმა კოლეგებმა „პროფესორთა ლიგა“ მეცნიერების უფლებების დასაცავად შექმნეს, თუმცა ახლა ეს ორგანიზაცია აქტიური აღარ არის. ზვიად კვიციანის თქმით, „პროფესორთა ლიგის“ ერთ-ერთი ბოლო შეკრება 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩატარდა, როცა თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანია იყრიდა კენჭს. მაშინ „ამ ორგანიზაციას ნარმანიას მხარდაჭერა სთხოვა ხელისუფლებამ… და დავეხმარეთ კიდეც“, - ამბობს კვიციანი.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა პუტინისთვის მიწერილი წერილის სულისკვეთებას, ზვიად კვიციანი გვიპასუხებს:

„მე ძალიან მხარს ვუჭერ ჩვენს ხელისუფლებას, მით უმეტეს პრემიერს. ასეთი მმართველი ჩვენ არ გვყოლია. კი არ ვარ ჩართული პოლიტიკაში, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის კურსი დასავლურია“.

ასევე ნახეთ "სამხედრო ნეიტალიტეტი საქართველოს და უკრაინას" - პრორუსული ქართული ორგანიზაციების წერილი პუტინს

რას წარმოადგენს “პროფესორთა ლიგა”

ზვიად კვიციანი ამბობს, რომ ორგანიზაცია მან და მისმა კოლეგებმა იმის გამო დააარსეს, რომ წინა ხელისუფლებისგან მეცნიერები სისტემატური თავდასხმის სამიზნეები იყვნენ, მათ ავიწროებდნენ და „ჩარეცხილებს“ ეძახდნენ. ლიგის მიზანი მეცნიერების უფლებების დაცვა იყო.

რადიო თავისუფლებამ ბეჭდური და ონლაინმედიის არქივებში ამ ორგანიზაციის საჯარო აქტივობის შესახებ მხოლოდ სამი ცნობა მოიძია.
ერთი ეხება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას. „პროფესორთა ლიგა“ აცხადებს, რომ გიული ალასანიამ უკანონოდ დაისაკუთრა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობა. ლიგის წევრები უკმაყოფილოები იყვნენ კახა ბენდუქიძისთვის აგრარული უნივერსიტეტის გადაცემითაც. არქივში იძებნება 2014 წელს გამართული პრესკონფერენციაც, რომელზეც „პროფესორთა ლიგა“ ემზარ კვიციანის გათავისუფლებას ითხოვს.

ემზარ კვიციანი, კოდორის ხეობაში მოქმედი გასამხედროებული ჯგუფ „მონადირის“ ყოფილი ლიდერი, რომელიც 2006 წელს რუსეთში გაიქცა, 2014 წელს მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე დააკავეს.

იმავე წელს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობისათვის და 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2015 წლის 28 იანვარს, პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების შემდეგ მან საპატიმრო დატოვა. 2015 წლის მარტში ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გახდა, 2016 წელს კი ამ პარტიის სიით პარლამენტშიც მოხვდა.

ასევე ნახეთ „მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი!” - ემზარ კვიციანი ტოვებს პატრიოტთა ალიანსს

„პროფესორთა ლიგის“ სახელით პუტინისათვის გაგზავნილ წერილს ხელს აკაკი კარტოზია აწერს. ზვიად კვიციანი ამბობს, რომ ისიც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა რეესტრის დოკუმენტებში მისი სახელი არ გვხვდება. ორგანიზაციას, საჯარო რეესტრის მიხედვით, სულ 8 დამფუძნებელი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია თსუ-ს პროფესორი კახაბერ ჭეიშვილი. მისი პროფესიული რეზიუმედან, რომელიც უნივერსიტეტის ვებსაიტზეა განთავსებული, ვიგებთ, რომ ის მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებაში.

„პროფესორთა ლიგის“ წევრები არიან შემდეგი ორგანიზაციების მმართველები: „ევრაზიული ინტეგრაციის საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი“, „სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციის ხელშემწყობი ასოციაცია“, „მეცნიერები - საქართველოს აღმშენებლობისთვის“, „დიდგორი 1121“, „ქართველ მეცნიერ-ექსპერტთა საბჭო“, „საქართველოში ფილოსოფიის განვითარების საერთაშორისო ფონდი“.

წესდების მიხედვით, „პროფესორთა ლიგას“ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, ასევე კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე და დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობათა განვითარების სამსახურები.

„პროფესორთა ლიგის“ მიზნები, წესდების მიხედვით, ფართო და მრავალმხრივია, დაწყებული სტუდენტთა პატრიოტული სულისკვეთების აღზრდით და დამთავრებული წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრით.

მესტიის მუზეუმის დირექტორი ზვიად კვიციანი ერთადერთი არ არის, ვინც ამბობს, რომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ პუტინისთვის განკუთვნილი წერილის ხელმომწერებს შორის მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაც იყო.

წერილის გამოქვეყნებიდან მალევე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა, ლევან ჩხეიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილს გმობს და ემიჯნება და, ამავდროულად, აქვს კითხვა, როგორ აღმოჩნდა მისი პარტიის სახელი წერილზე მაშინ, როცა „აღნიშნულ საკითხზე, ჯერ კიდევ ახალ წლამდე იმსჯელა პარტიის მთავარმა კომიტეტმა და მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, რამეთუ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იმთავითვე იყო დასავლური ორიენტაციისა და ღირებულებების მქონე პოლიტიკური ძალა“.

ასევე ნახეთ ლევან ჩხეიძე: ვგმობ და ვემიჯნები პუტინისადმი ღია წერილს