სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩია. სხდომას "ქართული ოცნების" წევრები პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და "საქართველოსთვის" წევრების უკანონო გადაწყვეტილება.
საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობის" წევრი სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ზეწოლის გამო თანამდებობა დატოვა საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა, რომლის ხელმოწერაც თავმჯდომარის ასარჩევად დაბეჭდილ ბიულეტენებზე აუცილებელი იყო. მისი თქმით, ამ გზით სცადა სახელისუფლებო პარტიამ პროცესის ჩაშლა. აპარატის უფროსის გადადგომის გამო შეიცვალა ბიულეტენების ფორმაც.
"იმიტომ გადადგა აპარატის უფროსი, რომ ჩაშლილიყო არჩევნები. ვინაიდან ბიულეტენის ფორმაში საჭირო იყო აპარატის უფროსის ხელმოწერა და ბეჭედი, მე მას მივუთითე, რომ თუკი ის მიდიოდა სამსახურიდან, ბეჭედი ჩაებარებინა ჩვენთვის, საკრებულოსთვის, რაც მან არ გააკეთა ან ვერ გააკეთა...
ჩვენ ვიმსჯელეთ და განკარგულებაში, რომელიც ადგენდა ბიულეტენის ფორმას, შევიტანეთ ცვლილება. აპარატის უფროსის ხელმოწერა და ბეჭედი ჩანაცვლდა სხდომის ხელმძღვანელის ხელმოწერით. ეს რანგით მეტია, ვიდრე აპარატის უფროსი და ეს ბეჭედიც საკრებულოს ბეჭედია", - განაცხადა ფრაქცია ენმ-ის წევრმა სევდია უგრეხელიძემ.
ზეწოლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
"მტკივნეული საკითხი საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის იყო ის გაუგონარი ზეწოლა, რისი წნეხის ქვეშაც იმყოფებიან ჩემი თანამშრომლები... გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, პროტესტის ნიშნად, როგორც საჯარო მოხელე, როგორც თანამდებობის პირი, როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროს, ვიჩერებ ჩემს უფლებამოსილებას", - განაცხადა სხდომაზე ვეფხვია რუსიამ.
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაჭარავა ამბობს, რომ ელოდა "ქართული ოცნების" მხრიდან მსგავსი ბარიერების შექმნას.
"თანახმა ვიყავით ნებისმიერი სცენარით საკრებულო დაკომპლექტებულიყო, ოღონდ ყოფილიყო წარმოდგენილი ოპოზიცია და მმართველი გუნდი. სამწუხაროდ, ამაში არ გამოგვყვა "ქართული ოცნება" და ბოიკოტს უცხადებს თავიანთ ჩატარებულ არჩევნებს და მოსახლეობას. ამ გადაწყვეტილების მიღება, სამწუხაროდ, მათ გარეშე მოგვიწია... არ არის ეს არანაირი გარიგება და არანაირი ალიანსი. ეს არის გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საკრებულო გახდეს ფუნქციური“, - განაცხადა ირაკლი კაჭარავამ.
"ქართული ოცნება" საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლოს სთხოვს, საკრებულოს დროებით შეეზღუდოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს სასამართლო სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სურთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩეს ძალაში. პარტიამ სასამართლოს დღეს, 23 თებერვალს მიმართა.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" ითხოვს, სასამართლომ სენაკის საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება დროებით შეუჩეროსსენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" -16, ენმ-ის -13 და "საქართველოსთვის" 4 წევრია.
2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავისა და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".
აქედან წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, რუსთავის და ახლა უკვე სენაკის საკრებულოში თავმჯდომარედ გახარიას გუნდის წევრები აირჩიეს, მარტვილში კი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩიეს ბათუმის საკრებულოში.