"ქართული ოცნება" ითხოვს, სასამართლომ სენაკის საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება დროებით შეუჩეროს

პარტია "ქართული ოცნება", რომელიც სენაკის საკრებულოში უმრავლესობაში არ არის, სასამართლოს სთხოვს, საკრებულოს დროებით შეეზღუდოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს სასამართლო სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სურთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩეს ძალაში. პარტიამ სასამართლოს დღეს, 23 თებერვალს, მიმართა.

ამ სარჩელით სახელისუფლებო პარტია საკრებულოს 9 თებერვლის რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც გადაირჩიეს დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს არ დაიცვეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები - სხდომას დეპუტატთა მინიმალური რაოდენობის, 17 დეპუტატის ნაცვლად, 16 ესწრებოდა.

"მივმართავთ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელოს ჩვენ განცხადებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს აღნიშნული უპრეცედენტო მოცემულობა და თავისი სამართლიანი გადაწყვეტილებით არ მისცეს საშუალება ოპოზიციურ ჯგუფებს, დაამკვიდრონ კანონდარღვევა პრაქტიკად“, - განაცხადა სენაკის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრმა, საბა ოდიშარიამ.

სახელისუფლებო პარტია არ გეგმავს დაესწროს საკრებულოში ჩანიშნულ დღევანდელ სხდომასაც. აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ოპოზიციური პარტიების ალიანსს.

სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" -16, ენმ-ის -13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.

პარტიებს შორის დავის საგანი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 თებერვლის სხდომის არითმეტიკა გახდა. სხდომას „ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი არ დასწრებია, ოპოზიცია კი სრულად იყო წარმოდგენილი. მათ „პირადი მიზეზით“ საკრებულოდან წასული გახარიას გუნდის წევრის ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს, რის შემდეგაც ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობა 16-დან 17-მდე გაიზარდა და საკრებულოს უმრავლესობა შეადგინა.

სენაკის საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან 9 თებერვალს არ ჩატარებულა ახალი სხდომა, ეს იყო 3 დეკემბერს კვორუმით გახსნილი და გადადებული სხდომის გაგრძელება.

ამასთან, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რათა არ ეცნოთ გახარიას გუნდიდან საკრებულოში გასული მეოთხე დეპუტატის ადგილმონაცვლის უფლებამოსილება, რადგან ამით ოპოზიცია უმრავლესობაში იქნებოდა და მარტივად გადაწყვეტდა საკრებულოს თავმჯდომარისა და დანარჩენი თანამდებობის პირების არჩევის საკითხს.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავისა და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

აქედან წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში თავმჯდომარედ გახარიას გუნდის წევრები აირჩიეს, მარტვილში კი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩიეს სენაკის და ბათუმის საკრებულოებში.

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი -"ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.