22 თებერვალს ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
გარდა დუმის 351 წევრისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობას, სანქციების სამიზნე არიან ასევე სხვა 27 პირი და ინსტიტუტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება.
სანქციები შეეხება ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ესენია: ბანკი „როსია,“VEB Bank“ და „პრომსვიაზბანკი“.
რადიო თავისუფლებას ევროკავშირის წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ იმ პირებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები უწესდებათ, არიან სამხედრო სფეროს წარმომადგენლები: თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი. სამხედროთა გარდა, სადამსჯელო ზომები შეეხებათ რუსეთის ბიზნესის და მედიის სფეროს წარმომადგენლებს: „ვაგნერის ჯგუფის“ მფლობელს და დამფინანსებელს, ევგენი პრიგოჟინს, მის დედას და ცოლს, ასევე ბანკ VTB-ის ხელმძღვანელებს.
მედიის სფეროს მუშაკებს შორის, ვინც ევროკავშირის სანქციების სუბიექტი გახდა, არიან რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ცნობილი წარმომადგენლები: ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი, მარია ზახაროვა, ასევე ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი და სხვები.
მედიის წარმომადგენელთა სიაშია ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც "ტროლების ფაბრიკას" წარმოადგენს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სუბიექტების სრული სია, ოფიციალურად მოგვიანებით, 23 თებერვალს გამოქვეყნდება.
ადრე გამოცხადდა, რომ გერმანია აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირებას, რაც ასევე მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და მის განკარგულებას, განათავსოს ჯარი სეპარატისტულ რეგიონებში.
რუსეთს სანქციებს დაუწესებს ასევე დიდი ბრიტანეთი.
22 თებერვალს უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედების საპასუხოდ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.