"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ლევან ჩხეიძე ეხმაურება ქართული ორგანიზაციების მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი მიწერილ წერილს. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ერთ-ერთია წერილზე ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის. ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ პირადად ემიჯნება წერილის შინაარსს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ პარტია, რომელსაც წარმოადგენს, დასავლური ორიენტაციისა და ღირებულებების მქონეა. პუტინისადმი მიწერილ ღია წერილს პარტიის სახელით ხელს აწერს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ჯოჯუა.
"მე დამიკავშირდა არაერთი მხარდამჭერი და სამართლიანი საყვედური გამოთქვა. აქვე დავსძენ, როგორც ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი კომიტეტის წევრი, რომ აღნიშნულ საკითხზე, ჯერ კიდევ ახალ წლამდე იმსჯელა პარტიის მთავარმა კომიტეტმა და მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, რამეთუ ,,ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა იმთავითვე იყო დასავლური ორიენტაციისა და ღირებულებების მქონე პოლიტიკური ძალა. შესაბამისად მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ამ წერილს", - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ჩხეიძე. ის აპირებს ამ წერილთან დაკავშირებით გრიგოლ ჯოჯუასთან შეხვედრასაც.
50-ზე მეტმა ქართულმა, პრორუსულმა ორგანიზაციამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილით 21 თებერვალს მიმართა. წერილში ხაზი იყო გასმული საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის განახლების აუცილებლობასა და სამხედრო ნეიტრალიტეტზე, რომელიც, ხელმომწერების მოსაზრებით, საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალია. სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ისინი ნატოში ინტეგრაციის ალტერნატივად განიხილავენ.
ასევე ნახეთ "სამხედრო ნეიტალიტეტი საქართველოს და უკრაინას" - პრორუსული ქართული ორგანიზაციების წერილი პუტინს