აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღვრული სანქციების განკარგულებას ხელი მოაწერა.
თეთრი სახლის თანახმად, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, პრეზიდენტ პუტინის ქმედების საპასუხოდ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. პრეზიდენტ პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეს განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან ერთად მიიღებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
„ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების თაობაზე და მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამ განკარგულების მიღების შესაძლებლობის შესახებ თეთრი სახლის პირველივე განცხადებაში ითქვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა. განცხადებაში ეწერა, რომ მსგავს ნაბიჯს ვაშინგტონი ელოდა და მზად არის მყისიერი პასუხისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი"გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.