ევროკომისიის პრეზიდენტი: მოსკოვის გადაწყვეტილება „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა“

ურზულა ფონ დერ ლაიენი

გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის კომენტარში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 21 თებერვალს შესაბამისი განკარგულების ხელმოწერას მოჰყვა.

„უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებათა უხეშ ხელყოფას წარმოადგენს. ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და უკრაინისადმი განუხრელი სოლიდარობით“, - ნათქვამია ურზულა ფონ დერ ლაიენის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი შინაარსის განცხადება პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ გაავრცელეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმაც.

"ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მე მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ევროპული სანქციები“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, რომ შეიყვანოს ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე.