საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ. ის პარალელს ავლებს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან.
„საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს", - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას", - აცხადებს სამინისტრო.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი უკრაინის რეგიონების აღიარებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად აფასებს ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „აღიარებას“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".
ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი"პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.
დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს რუსეთი.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს პუტინის მსგავს ნაბიჯზე.
დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის ოლქის ერთი მესამედია, რომელსაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი რეჟიმები აკონტროლებენ.
პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ტელეგრამის არხით გავრცელდა დონეცკში გამართული ფეიერვერკის კადრები.