ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ჯო ბაიდენს და შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "აღიარების" შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ტელეფონით ისაუბრა.

"ბოლო საათების მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განვიხილე. ვიწყებთ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას," - დაწერა ტვიტერში ზელენსკიმ, რომელიც პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე თავის განცხადებას უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის გამართვა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ 21 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების გარშემო.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის" ცნობას და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთის ლიდერმა უხეშად ხელყო მინსკის შეთანხმებები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი. ამის შესახებ საუბარია შარლ მიშელის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ასევე დაგმო პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" ცნობა.