უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, პუტინი ბირთვულ წვრთნებს ხელმძღვანელობს

იმ ფონზე, როცა უკრაინის გარშემო დაძაბულობა ესკალაციას განიცდის, რუსეთმა მოაწყო თავისი უახლესი, ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების, ფრთიანი რაკეტების და ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, რაც, კრემლის მიერ 19 თებერვალს გაკეთებული განცხადებით, ნაწილი იყო "დაგეგმილი" წვრთნებისა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ წვრთნებს თვალი კრემლის საგანგებო ოთახიდან მიადევნეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნები მოიცავს რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, საჰაერო და სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს, ჩრდილოეთის და შავი ზღვების ფლოტებს, რომლებსაც ბირთვულად შეიარაღებული წყალქვეშა ხომალდები აქვთ.

წვრთნებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-მა განაცხადა, რომ ახლა უკვე დარწმუნებულია მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გეგმის ქონაში. რუსეთი ამბობს, რომ არ გეგმავს თავდასხმას მეზობელ ქვეყანაზე. მაგრამ ვაშინგტონი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან დისლოცირებული რუსეთის 150,000-მდე სამხედროთი - რომლებიც, უკრაინის აღმოსავლეთში მყოფ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ერთად, 190,000-კაციან ძალას შეადგენენ - მოსკოვს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.