ჰარისი: ნატო გააძლიერებს აღმოსავლეთის მხარეს, თუკი რუსეთი უფრო მეტად შეიჭრება უკრაინაში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის თქმით, უკრაინაში რუსეთის უფრო მეტად შეჭრის ნებისმიერი შემთხვევა გამოიწვევს ნატოს აღმოსავლეთის მხარის გაძლიერებას.

"ჩვენ ეკონომიკურ სანქციებზე არ შევჩერდებით. უფრო მეტად გავაძლიერებთ ნატოელ მოკავშირეებს აღმოსავლეთის მხარეს", შეჭრის პასუხად, განაცხადა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 19 თებერვალს.

ჰარისის გამოსვლას ერთი დღით უსწრებდა წინ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება - მისი თქმით, ის "დარწმუნებულია", რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთს სულ მცირე 150,000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული, და აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილებს აკონტროლებენ, კონტაქტის ხაზზე ბოლო ორ დღეში ვითარება გაუარესდა, კიევი სეპარატისტებს ბრალს სდებს უკრაინის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში.

შეშფოთება გაზარდა იმ ფაქტმაც, რომ 19 თებერვალს პუტინმა სტრატეგიული ბირთვული რაკეტების გამოცდა დაიწყო.

მანამდე, მიუნხენის კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, "შეწყვიტოს ომისთვის მზადება" და დიპლომატიური გადაწყვეტა მოუძებნოს უკრაინის საზღვრებთან შექმნილი ვითარებით გამოწვეულ კრიზისს.