ვლადიმირ პუტინი: 10 ათასი რუბლი  უკრაინიდან დევნილ თითოეულ ლტოლვილზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობას, გასცეს 10 ათასი რუბლი (დაახლოებით 400 ლარი) თითოეულ ლტოლვილზე, რომელიც ჩავიდა როსტოვის ოლქში პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან.

ვლადიმირ პუტინის განკარგულებითვე, როსტოვის ოლქში, ლტოლვილთა განთავსების პროცესის გასაკონტროლებლად, გაგზავნილია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

მანამდე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სეპარატისტული რესპუბლიკების მეთაურებმა განაცხადეს, რომ იწყებდნენ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციას. რუსი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ ევაკუცია ხდება უკრაინის ჯარების მოსალოდნელი შეტევის გამო.

კიევი თავდასხმისთვის მზადებას უარყოფს.

რუსეთში გასაყვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია. დონეცკელი სეპარატისტების თავკაცმა დენის პუშილინმა „როსია 24“-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ მხოლოდ დონეცკიდან ლტოლვილთა რაოდენობა „ასობით ათასს მიაღწევს“.

დონბასის პრორუსი სეპარატისტების ლიდერებმა ევაკუაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე, 16 თებერვალს ჩაწერეს ვიდეომიმართვები, რაც დასტურდება გავრცელებული ვიდეოფაილების მეტამონაცემების შესწავლით.

„სიტუაციის გამწვავების გამო“ ევაკუაცია 18 თებერვალს გამოცხადდა. სწორედ ეს თარიღია დასახელებული დონეცკის სეპარატისტების ლიდერის, დენის პუშილინის მიმართვაშიც, თუმცა ორივე ვიდეო - პუშილინის და ეგრეთ წოდებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ლეონიდ პასეჩნიკის მიმართვები - როგორც მეტამონაცემებიდან ჩანს, ჩაწერილია 16 თებერვალს.